ღვინის ინდუსტრია გამოწვევის წინაშეა, რასაც სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს. Visual Capitalist-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლოდროინდელი მონაცემები ცხადყოფს, რომ ღვინის სექტორი გლობალურად ორი მთავარი პრობლემის წინაშე დგას. ერთი მხრივ - წარმოების შემცირება, მეორე მხრივ კი ღვინის მოხმარების რეკორდული ვარდნა.
1961 წლის შემდეგ, ყურძნის ყველაზე მცირე მოსავალი 2024 წელს მიიღეს. შესაბამისად, 2024 წელი ღვინის წარმოების კუთხით ისტორიულ ანტირეკორდად იქცა. 2024 წელს 22 მილიარდ 560 მილიონი ლიტრი ღვინო აწარმოვეს, მოხმარებამ კი 21 მილიარდი ლიტრი შეადგინა. მაშინ, როცა 2010-იანი წლების ბოლოს ღვინის წარმოება პიკს პერიოდულად აღწევდა, 2018 წელს კი რეკორდულ 30 მილიარდ ლიტრს მიაღწია, პროდუქტის მოხმარებამ კი 24 მილიარდ ლიტრს გადააჭარბა. მას შემდეგ, წარმოება სტაბილურად მცირდებოდა და საბოლოოდ ცხრაწლიანი პერიოდის განმავლობაში თითქმის 19%-იან კლებას ვხედავთ.
მკვეთრი ვარდნის მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული გარემო პირობებია. მსოფლიოს წამყვანმა მეღვინეობის რეგიონებმა, როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნახევარსფეროში, ბუნებრივი კატაკლიზმები გადაიტანეს. გვალვამ, მოულოდნელმა ყინვებმა, ძლიერმა წვიმებმა და სხვადასხვა დაავადებების გავრცელებამ ვენახები გაანადგურა, რამაც გლობალურად მოსავლიანობის 10%-იანი კლება გამოიწვია.
ლოგიკური იქნებოდა, რომ წარმოების ასეთ ვარდნას ღვინის დეფიციტი შეექმნა, თუმცა ბაზარზე სრულიად საპირისპირო ტენდენცია გამოიკვეთა. წარმოების პარალელურად, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით მცირდება ღვინის მოხმარებაც.
სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ღვინის მოხმარება 2002 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ამ პარადოქსულ ვითარებას რამდენიმე მიზეზი აქვს, რომელთა შორის უპირველესი გლობალური ინფლაცია და ცხოვრების ხარჯების ზრდაა. ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე, მომხმარებელი იძულებულია უარი თქვას ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის. არააუცილებელი ხარჯების დაზოგვამ ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები შეამცირა.
აღსანიშნავია ჩინეთის ბაზრის ფაქტორიც. ჩინეთი ღვინის მოხმარების კუთხით ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ბაზრად ითვლებოდა. ბოლო პერიოდში ჩინეთის ეკონომიკურმა დაღმასვლამ, შესაბამისად, ღვინოზე შიდა მოთხოვნის კლებამ გლობალურ ექსპორტზე უარყოფითი კვალი დატოვა. ჩინეთის ფაქტორმა თავის მხრივ დარტყმა იმ მწარმოებლებს მიაყენა, რომლებიც აზიურ ბაზრებზე იყვნენ ორიენტირებულები.
ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, ღვინის ინდუსტრიის უკუსვლაზე თავისი გავლენა თაობათა ცვლამ და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციამ მოახდინა. ახალგაზრდა თაობები, განსაკუთრებით კი "თაობა ზეტი", სულ უფრო ნაკლებ ალკოჰოლს მოიხმარს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ექიმების რეკომენდაციები ალკოჰოლის მავნებლობის შესახებ სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცნობიერებაზე, რაც ტრადიციული ღვინის ბაზარს ავიწროებს.
მსოფლიო ღვინის ინდუსტრია უჩვეულო ჩიხში მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ ღვინის წარმოება ისტორიულ მინიმუმს აფიქსირებს, ბაზარზე სიჭარბე შეინიშნება, რადგან მოთხოვნა მიწოდებას მკვეთრად ჩამორჩება. დისბალანსი განსაკუთრებით მტკივნეულია ისეთი ტრადიციული რეგიონებისთვის, როგორიცაა ბორდო ან კალიფორნია, სადაც ფერმერებმა უკვე დაიწყეს ვენახების გაჩეხვა, რათა ღვინის ფასი ხელოვნურად შეინარჩუნონ და ჭარბი მარაგები თავიდან აიცილონ.
მევენახეობა-მეღვინეობის სექტორი ტრანსფორმაციის რთულ გზას გადის და როგორც ექსპერტები ამბობენ, გადარჩენას მხოლოდ ის მწარმოებლები შეძლებენ, რომლებიც კლიმატურ ცვლილებებთან და მომხმარებლის შეცვლილ ქცევასთან სწრაფად ადაპტირდებიან.




























