„თბილღვინოს“ თანადამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილის მიიჩნევს, რომ დღეს ღვინის ინდუსტრია სიჯანსაღის თვალსაზრისით, ისეთ კარგ მდგომარეობაშია, რომ სუბსიდირების გარეშე მუშაობა შეუძლია. ამის შესახებ მან #რედაქტ2-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
ღვინის კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, რომ სუბსიდირება წამალია, რომელიც ავადობის დროს უნდა გამოიყენო, შესაბამისად დღეს თუ მხოლოდ ღვინის ექსპორტის მაჩვენებელს დავაკვირდებით, ექსპორტიდან გაზრდილი შემოსავლები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ სექტორი სუბსიდირების გარეშეც შეძლებს მუშაობის გაგრძელებას. გიორგი მარგველაშვილი ასევე თვლის, რომ კარგი იქნება თუ ყურძნის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხა ქართული ღვინის მარკეტინგზე მიიმართება, რაც შემოსავლების ზრდას კიდევ უფრო ხელს შეუწყობს.
„მიგვაჩნია, რომ ქვეყნისთვის უმჯობესია დარგი ისეთ მდგომარეობაში იყოს, რომ სუბსიდირება არ სჭირდებოდეს და მიგვაჩნია, რომ დარგი ასეც არის. რეალურად მიგვაჩნია, რომ სუბსიდირების გარეშე დარგმა შეიძლება იარსებოს. განვმარტავ - სუბსიდირების ფენომენი ყოველთვის დროებითია ხოლმე და გამოწვეულია კრიზისებიდან. სუბსიდირების პირველი პრეცედენტი საქართველოში 2006 წელს შეიქმნა, როდესაც რუსეთის ბაზარი დაიკეტა და დარგმა მაშინ შემოსავლის 50%-ზე მეტი დაკარგა. თუმცა მას შემდეგ სექტორის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2012 წლის შემდეგ გაყიდვები ჯერადობით არის გაზრდილი - 2012 წელს მთლიანი ექსპორტი 12 მლნ ლიტრს აღწევდა, შარშან კი ამ რიცხვმა 100 მლნ ლიტრს გადააჭარბა. მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით ექსპორტი 11%-მდეა გაზრდილი, შესაბამისად, მხოლოდ ამ სტატისტიკის მოყვანით იოლი დასკვნების გაკეთება შეიძლება.
სუბსიდირება გარკვეული წამალია, თუ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს, წამალი უნდა მიიღო, მაგრამ როდესაც ჯანსაღდები ამ წამლის მიღება უნდა შეწყვიტო. ჩემი აზრით, დარგი დღეს სიჯანსაღით თვალსაზრისით, ისეთ კარგ მდგომარეობაშია, რომ სუბსიდირების გარეშე მუშაობა შეუძლია. ეს ბიუჯეტი, რაც ყოველწლიურად ყურძნის სუბსიდირებაზეა მიმართული, ვფიქრობ, ქართული ღვინის პოპულარიზაციას უნდა მოხმარდეს, რითაც სექტორი გაცილებით კარგ ეფექტს მიიღებს. ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი წელს, თუ არ ვცდები 16 მლნ ლარს არ სცდება“, - განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.
მთავრობამ ყურძნის სუბსიდირება 2008 წელს დაიწყო. ამ გადაწყვეტილების თავდაპირველი მიზანი 2006 წელს, ღვინოზე დაწესებული რუსული ემბარგოს უარყოფითი ზეგავლენის შერბილება და მევენახეობისა და მეღვინეობის დარგების წახალისება იყო. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ 2021 წელს რთველის სუბსიდირებაზე რეკორდული 138 მილიონამდე ლარი დახარჯა. მიმდინარე წელს კი სუბსიდირების თავდაპირველი ბიუჯეტი 85 მლნ ლარი იყო, საიდანაც 35 მლნ ლარი კერძო კომპანიების მიერ 1 კგ. რქაწითლის მინიმუმ 1 ლარად ჩაბარებას მოხმარდა, ხოლო 50 მილიონი ლარი - ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის სახელმწიფოს მიერ შესყიდვას. თუმცა რთველის დაწყების შემდეგ მთავრობამ დამატებით 32 მლნ ლარი გამოყო, საიდანაც 6 მლნ ლარი წლის რთველის პერიოდში ჭარბი/დაზიანებული შესყიდვისა და გადამუშავების ნაწილობრივი დაფინანსებისთვის მიიმართა, 26 მლნ ლარი კი იმ მევენახეებისთვის, რომლებმაც მოსავლის მართვის კომპანიას 1 კგ. საფერავი 1.5 ლარზე ნაკლებ ფასად ჩააბარეს. შესაბამისად, წელს სუბსიდირება გადასახადის გადამხდელებს 117 მლნ ლარი დაუჯდათ.
"ჭარბ ყურძენს" მთავრობა შეიძენს, რისთვისაც დამატებით ₾50 მილიონს დახარჯავს