მეღვინეობა „ღვინუკას“ დამფუძნებლის შეფასებით, უკეთესი იქნება თუ სახელმწიფო ყურძენს ხარისხობრივი მახასიათებლების მიხედვით დაასუბსიდირებს. ზუკა მაისაშვილი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამგვარად ქართული ღვინის ხარისხი გაიზრდება.
რთველის სუბსიდირების სახელმწიფო პოლიტიკის შეფასებისას, რაჭველი მეღვინე აღნიშნავს, რომ წელს მევენახეებისგან 5 000 ტონამდე ყურძნის ჩაბარებას გეგმავს, რის შემდეგაც 5 000 ბოთლი ღვინის ჩამოსხმაა გაწერილი. ზუკა მაისაშვილი ამბობს, რომ რაჭაში სახელმწიფო შედარებით მაღალი ხარისხის ყურძენს ასუბსიდირებს. მეღვინე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს სუბსიდირების პოლიტიკიდან გასვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს და ამ შემთხვევაში აქცენტი ქართული, რაჭული ღვინის პოპულარიზაციაზე უნდა გაკეთდეს.
„იქიდან გამომდინარე რომ რაჭაში ვენახები აღწერილია და 10 ტონაზე მეტი მოსავლის მიღების შესაძლებლობა მევენახეს არ აქვს. გარდა ამისა ადგილზე მოწმდება თითოეული ყუთი და ჯიშური იდენტობა დაცულია, აქედან გამომდინარე უფრო ხარისხიანი ყურძენი სუბსიდირდება, ვიდრე კახეთში. ზოგადად ჯობია, რომ სუბსიდირება უფრო ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით ხდებოდეს, ან საერთოდ არ ხდებოდეს და სხვა მიმართულებით იყოს ეს თანხა მიმართული. მაგალითად ღვინის დასავლურ ბაზრებზე პოპულარიზების კუთხით. რაჭულ ღვინოები დასავლეთის ბაზრებზე დიდი პოპულარობით არ სარგებლობენ, რადგან ნახევარზე მეტი ნახევრად ტკბილი ღვინოები იწარმოება. თუმცა მაინც ვისურვებდი, რომ სახელმწიფოს სუბსიდირებიდან გამოსვლის პოლიტიკა იყოს ეტაპობრივი. თუმცა სუბსიდიის შემთხვევაში ხარისხზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია, როგორც საჰექტარო მოსავლიანობის რეგულირებით ასევე ხარისხობრივი გადამოწმებით და ნიშური იდენტიფიცირების მოთხოვნით“, - აღნიშნავს მეღვინე.
„რაჭაში“ 0.5 ჰა-ზე გაშენებულ ბიოვენახს და წარმოებას მართავს, სადაც წლიურად 5 000 ბოთლი ღვინო ისხმევა.
ცნობისთვის, რაჭაში სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.
ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.