გიორგი დარჩიამ სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტი დატოვა, მის მოვალეობას გიორგი ავალიანი ასრულებს.
შესაბამისი ცვლილება, ასახულია სოფლის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზეც.
როგორც Bm.ge-ს სოფლის განვითარების სააგენტოში უთხრეს, გიორგი დარჩიამ თანამდებობა მიმდინარე წლის 23 ივლისიდან დატოვა.
"გიორგი დარჩიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა," - გვითხრეს სააგენტოში.
როგორც ჩანს, გიორგი დარჩიამ თანამდებობა მანამ დატოვა, სანამ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვის და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსს თორნიკე კაპანაძეს დააკავებდნენ. შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა იგი 1 აგვისტოს დააკავა. საქმე ბიუჯეტიდან თანხის დაუფლებას ეხებოდა.
გიორგი ავალიანის ბიოგრაფია:
გიორგი ავალიანი სოფლის განვითარების სააგენტოში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას 2017–დან 2025 წლამდე იკავებდა. 2025 წლიდან კი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გახდა. 2014-2017 წლებში სააგენტოში იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ხოლო 2011 –2014 წლებში შპს "სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და მომსახურების კომპანიაში" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
განათლება/უნარჩვევები
ბიზნესის მენეჯმენტი - "ბალტიის საერთაშორისო აკადემია", ევროპის ბიზნეს ფაკულტეტი - ლატვია
გაყიდვების მენეჯმენტი - დუბლინის ევროპული ბიზნეს სკოლა - ირლანდია
მარკეტინგის მენეჯმენტი - დუბლინის ბიზნეს სკოლა - ირლანდია




























