ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ჯერ არ გადახედავს.
მიმდინარე წლის ბიუჯეტი 6%-იან ზრდაზე არის დაგეგმილი, თუმცა რამდენიმე დღის წინ სავალუტო ფონდმა ზრდის პროგნოზი, 7.2%-მდე გააუმჯობესა. კითხვაზე გადადგამს თუ არა მთავრობა იგივე ნაბიჯს, გიორგი კაკაურიძე პასუხობს, რომ ამაზე ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მაჩვენებლების საფუძველზე იმსჯელებენ. ამასთან, კაკაურიძის თქმით, ბიუჯეტის 4 თვის მაჩვენებლები ბიუჯეტის ეკონომიკური ზრდის პარამეტრის გადახედვის საშუალებას არ იძლევა.
"ბიუჯეტის შესრულების 4 თვის მაჩვენებლები არ იძლევა გადახედვის საშუალებას. თუმცა 6 თვის შესრულებაზე დაყრდნობით, შეიძლება შევხედოთ გადახედვისთვის. იქამდე ზრდის სახით 6% გვაქვს განსაზღვრული, ხოლო შემდეგი წლებისთვის არის საშუალოდ 5.3%-ის ზრდა და მშპ მიაღწევს 9,900 დოლარს", - განაცხადა კაკაურიძემ.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ოპერატიული მონაცემებით, 2025 წლის 5 თვეში მთავრობამ გადასახადების სახით სულ 8.9 მილიარდი ლარი აკრიფა, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტის საგადასახადო გეგმის ზუსტად 40%-ია, ამასთან 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგადასახადო შესრულება 4%-ით, ანუ 323 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
თუმცა, საქსტატის თანახმად, 2025 წლის 4 თვეში ფაქტობრივმა ეკონომიკურმა ზრდამ 8.8% შეადგინა, მაგრამ უშუალოდ საგადასახადო ნაკადების ზრდის თვალსაზრისით ეს მატება მნიშვნელოვანწილად საჯარო ფინანსებზე არ აისახა. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ პერიოდის განმავლობაში ყველაზე მაღალი ზრდა ჰქონდა კომუნიკაციებისა და IT სექტორებს, ხოლო IT სექტორში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიები შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით იბეგრებიან და მათ მიერ შესრულებული ოპერაციების ღირებულების მატება პირდაპირ საგადასახადო შემოსავლების მატევაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. ამასთან ამ კომპანიების მიერ უცხოეთში მიწოდებული IT სერვისები დღგ-ით არ იბეგრება.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს ხაზინის თანახმად, ზრდის ნაცვლად შემცირებულია ბიუჯეტში მოგების გადასახადიდან და აქციზიდან შესული თანხების მოცულობაც.
2025 წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შესრულება ასე ნაწილდება:
| გადასახადი | 2025 წლის იანვარ-მაისის საგადასახადო შესრულება | ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით |
| სულ | 8,885,362,652 ლარი; | 3.8% |
| საშემოსავლო გადასახადი | 3,108,296,350 ლარი; | 13.5% |
| დღგ | 3,099,721,008 ლარი; | 3.7% |
| მოგების გადასახადი | 1,222,727,644 ლარი; | -11.7% |
| აქციზი | 911,070,005 ლარი; | -3.1% |




























