მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ხიშტოვანი: წერტილი უნდა დაესვას თავის მოტყუებას - EU-ში ინტეგრაციის პროცესი აღარ არსებობს

გიორგი ხიშტოვანი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი აღარ არსებობს“.

„თავის მოტყუებას წერტილი უნდა დაესვას“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის შეფასებისას, სადაც ჩაიწერა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა.

„ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყანა აბსოლუტურად ასცდა ევროინტეგრაციის გზას და ეს პროცესი არა მხოლოდ შენელებულია ან გაყინულია, არამედ აღარ არსებობს. უბრალოდ, ევროკავშირს არ აქვს ინსტრუმენტი, რომ [კანდიდატის] სტატუსი ჩამოგვართვას. შესაბამისად, ის იძულებულია, გაფართოების ანგარიში მოამზადოს და დიპლომატიურ ენაზე ჩაწეროს, რა პრობლემები გვაქვს, თორემ ამ დოკუმენტმა საქართველოს შემთხვევაში, რელევანტურობა დაკარგა. მთავარი არის ის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი აღარ არსებობს - ის დასრულდა“, - განაცხადა ეკონომისტმა.

რას კარგავს საქართველოს ეკონომიკა და ქართული ბიზნესი, გრძელვადიან პერიოდში, ევროინტეგრაციის შეჩერებით? - ვკითხეთ გიორგი ხიშტოვანს, რომელსაც მიაჩნია, რომ კერძო სექტორი მდგომარეობის სიმძიმეს კარგად ხვდება და იაზრებს, რომ ბიზნესის კეთების ახალ მოდელზე მოუწევს გადაწყობა.

მთელი თანამედროვე ქართული ეკონომიკური მოდელი იყო მოწყობილი ევროინტეგრაციაზე. ეს ეხებოდა მმართველობის სისტემას, ეს ეხებოდა რეგულაციებს, სტანდარტებს, ეს ეხებოდა წარმოების როცესებს და ა.შ. ყველაფერი ევროინტეგრაციაზე იყო მორგებული, რადგან [ევროკავშირისკენ მივდიოდით].

ჩემი აზრით, ბიზნესი კარგად ხვდება, რომ მას მოუწევს ახლა მთლიანად გადაეწყოს რაღაცა ახალ მოდელზე, რომლის მხოლოდ რაღაც ნიშნები იკვეთება, ამ ეტაპზე. რა არის ეს ნიშნები? - რაღაც უფრო სახელმწიფოს მიერ დომინირებული მოდელი, სადაც მთავარი, პარტნიორი ბაზრები რუსეთის ფედერაცია, ჩინეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

აი, ამ მოდელზე მოუწევს ბიზნესს გადაწყობა, რაც უშუალოდ მათ ეხებათ და ვფიქრობ, კარგად ესმით, რომ აბსოლუტურად შეიცვალა თამაშის წესები, აბსოლუტურად შეიცვალა ბიზნესის კეთების პრინციპები და შესაბამისად, მოუწევთ ახალ მოდელზე გადაწყობა“, - აღნიშნა ეკონომისტმა.

„წერტილის“ წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე - ამ სიტუაციაში, უნდა ითხოვდეს თუ არა განმარტებებს საქართველოს მთავრობისგან ბიზნესი, კერძოდ, ინვესტორთა საბჭო, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად სხვადასხვა ბიზნესგაერთიანებას/ასოციაციას აერთიანებს, ეკონომისტმა განაცხადა, რომ "ნორმალურ სიტუაციაში - დიახ", თუმცა ამ ვითარებაში, გიორგი ხიშტოვანს ბიზნესასოციაციებისგან ასეთი აქტიურობის მოლოდინი არ აქვს.

„თუ ეს ორგანიზაციები თანმიმდევრულები დარჩებოდნენ, რა თქმა უნდა, ახლა არის სწორი დრო ამ მესიჯების გაჟღერების, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილებით, ბიზნესის დუმილი უკვე [მთავრობის მიმართ ლოიალური] პოზიციის დაფიქსირებას ნიშნავს, - აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები