მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი მარგებაძე: მესამე CFD აუქციონის ჩატარება აუცილებელია – საჭიროა მცირე და დიდი სადგურების გამიჯვნა

მარგებაძე

CFD აუქციონები, როგორც განახლებადი ენერგიის პროექტების სტიმულირების მექანიზმი, 2022 წლიდან მოქმედებდა, თუმცა ამჟამად ის პირდაპირი შეღავათიანი PPA კონტრაქტებით შეიცვალა. ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეების შეფასებით, ჰიდროენერგეტიკულ პროექტებზე ინტერესი ნაკლები იყო, რაც დაკავშირებულია დადგენილ მედიანურ ტარიფებთან – კერძოდ, ჰიდროელექტროსადგურებისთვის მეორე CFD აუქციონით განსაზღვრული ტარიფი 6.5 აშშ ცენტი იყო, ქარისთვის – 6 ცენტი, ხოლო მზის ელექტროსადგურებისთვის – 5.6 ცენტი.

მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი მარგებაძე მიიჩნევს, რომ ჰიდროენერგეტიკის განვითარებისთვის აუცილებელია მესამე CFD აუქციონი ჩატარება, თუმცა მისი თქმით, მნიშვნელოვანია 2 მგვტ-მდე და 2 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის სადგურების მკაფიოდ გამიჯვნა.

„მეორე აუქციონში, სადაც ჰიდროს მიმართულებით შედარებით დაბალი ტარიფი დაფიქსირდა, 2 მგვტ-მდე და 2 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის სადგურები ერთ კალათაში მოხვდნენ. ეს სერიოზულ დისბალანსს ქმნის, რადგან ამ ორს შორის ფინანსური მოდელი რადიკალურად განსხვავებულია,“ – აცხადებს მარგებაძე.

მისივე თქმით, პატარა ჰესების მიერთების საფასური 60 000 ლარს შეადგენს, მაშინ როცა 2 მგვტ-ზე დიდი სიმძლავრის სადგურებისთვის ეს თანხა 300 000 ლარს აღწევს. გარდა ამისა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ვალდებულება 2 მგვტ-ზე მცირე სადგურებს არ ეხებათ, რაც დამატებით სხვაობებს ქმნის რეგულირების ნაწილშიც.

„თუ მომავალ აუქციონში ეს ობიექტები კვლავ ერთ კალათაში მოხვდებიან, დადგენილი ტარიფი არცერთ ტიპზე არ იქნება სამართლიანი. ვფიქრობ, მიზანშეწონილი იქნება, თუ მესამე CFD აუქციონი გამოცხადება და ამ პროცესში **პატარა და დიდი ჰესები ცალკე შეფასდება,“ – ამბობს მარგებაძე.

ცნობისთვის, ენერგეტიკის სამინისტროს მიერ შეთავაზებული პროგნოზირებადი შემოსავლების გარანტიის მექანიზმი – PPA, რომლის ვადაც 2025 წლის 28 თებერვალს ამოიწურა, განახლებადი ენერგიის ინვესტორებისთვის გარკვეული დროით სტიმულირების საშუალებას იძლეოდა. ამ ეტაპზე მექანიზმის გაგრძელება ან ალტერნატიული აუქციონის მოდელის ამოქმედება კვლავ განხილვის საგანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები