საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს სჯერა, რომ ქართულმა კომერციულმა ბანკებმა აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებულ საქართველოს ოთხ მოქალაქეს როგორც დოლარში, ისე ლარში საბანკო ანგარიშები უკვე დაუხურა.
როგორც გიორგი ქადაგიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, კომერციულმა ბანკები OFAC-ის სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ.
„სიცრუეა თითქოს ეროვნულ ბანკს ან მთავრობას ან, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, გავლენა მოახდინოს აშშ-ის ხაზინის მიერ დაწესებულ სანქციებზე და მას არ დაემორჩილოს“, - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.
გიორგი ქადაგიძე „აბსურდს და ფარატინა ქაღალდს“ უწოდებს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ სანქციების აღსრულების რეჟიმის ბრძანებაში „საგამონაკლისო წესის“ სახით შესულ ცვლილებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
„როგორ წარმოგიდგენიათ, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა დააწესოს ფინანსური სანქციები და ის ძალაში ვერ შევიდეს იქამდე, ვიდრე ლევან მურისის სასამართლო არ დაასვამს ბეჭედს. ბატონ ირაკლი კობახიძეს ან ქალბატონ ნათია თურნავას შეიძლება, წარმოუდგენია, რომ ასე მუშაობს სანქციები, მაგრამ რა თქმა უნდა, ასე არაა. ვერცერთი ბანკი ვერ გაბედავს აშშ-ის ხაზინის წინააღმდეგ წასვლას მარტივი მიზეზით - ჩვენი მოქალაქეები საერთაშორისო ტრანზაქციებს - გადარიცხვებს, სწრაფ გზავნილებს და ა.შ. ახორციელებენ ორი ამერიკული საკორესპონდენტო (შუამავალი) ბანკის (Citibank-ის და Bank of America) დახმარებით, რომელიც ემსახურება საქართველოს საბანკო სისტემას და სადაც ქართულ ბანკებს გახსნილი აქვთ საკორესპონდენტო ანგარიშები. {საკორესპონდენტო ანგარიში – ანგარიში, რომელსაც ერთი ბანკი ხსნის მეორეში და რომელიც გამოიყენება ბანკებს შორის ანგარიშსწორებისათვის}
ჩვენ საბანკო სექტორს ბევრი პრობლემა აქვს, განსაკუთრებით ორ დიდ ბანკს, მაგრამ სანქციების არდაქვემდებარება მათი პრობლემა არ უნდა იყოს. არ მგონია, რომელიმე მსხვილი ბანკის მენეჯმენტმა ამხელა უფლება მისცეს საკუთარ თავს, რომ ამდენი წლის ნაშენებ სისტემაში ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან თუ ეს გაცხადდება და ადრე თუ გვიან, გაცხადდება, ამის შედეგი იქნება ის, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ამაში იყო ჩართული ან ხელს უწყობდა სანქციების თავის არიდებას, თვითონვე იქნება სანქცირებული. არ მგონია, მათ ეს პერსპექტივა დიდად მოსწონდეთ“, - აცხადებს სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი.