მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ/ვერ დაარღვევენ ბანკები სანქციებს - ინტერვიუ გიორგი ქადაგიძესთან

გიორგი ქადაგიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დარწმუნებულია, რომ ქართულმა კომერციულმა ბანკებმა აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ, გლობალური მაგნიტსკის აქტის შესაბამისად, სანქცირებულ საქართველოს ოთხ მოქალაქეს როგორც დოლარში, ისე ლარში საბანკო ანგარიშები უკვე დაუხურა.

სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა BMGTV-ის გადაცემა #წერტილში საერთაშორისო ფინანსური სანქციების მოქმედების პრინციპზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეუძლებელია, კომერციული ბანკები OFAC-ის სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ.

გიორგი ქადაგიძე „აბსურდს და ფარატინა ქაღალდს“ უწოდებს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ სანქციების აღსრულების რეჟიმის ბრძანებაში „საგამონაკლისო წესის“ სახით შესულ ცვლილებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.

- სიცრუეა თითქოს ეროვნულ ბანკს ან მთავრობას ან, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, გავლენა მოახდინოს აშშ-ის ხაზინის მიერ დაწესებულ სანქციებზე და მას არ დაემორჩილოს. საქართველოში საბანკო სექტორს ამის გაკეთება არ შეუძლია. მადლობა ღმერთს, საბანკო სექტორის კაპიტალიზაცია მთლიანად დასავლურია. ჩვენი ბანკები დალისტულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ის მთლიანად ემორჩილება იმ წესებს და კანონებს, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზეა და საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში მოქმედებს მარტივი წესი - ცივილიზებული სამყაროს მოთამაშეები თანხმდებიან რომ თუ ჩავთვლით, რომ ვიღაც კეთროვანია, ცუდია და არ შეეფერება იმ სტანდარტებს, რომელიც გვაქვს, მაშინ ყველანი ვთანხმდებით, რომ ასეთ ქვეყნებს და/ან ადამიანებს არ ვემსახურებით.

როგორ წარმოგიდგენიათ, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა დააწესოს ფინანსური სანქციები და ის ძალაში ვერ შევიდეს იქამდე, ვიდრე ლევან მურუსიძის სასამართლო არ დაასვამს ბეჭედს?! ბატონ ირაკლი კობახიძეს ან ქალბატონ ნათია თურნავას შეიძლება, წარმოუდგენია, რომ ასე მუშაობს სანქციები, მაგრამ რა თქმა უნდა, ასე არაა. ვერცერთი ბანკი ვერ გაბედავს აშშ-ის ხაზინის წინააღმდეგ წასვლას მარტივი მიზეზით - ჩვენი მოქალაქეები საერთაშორისო ტრანზაქციებს - გადარიცხვებს, სწრაფ გზავნილებს და ა.შ. ახორციელებენ ორი ამერიკული საკორესპონდენტო (შუამავალი) ბანკის (Citibank-ის და Bank of America) დახმარებით, რომელიც ემსახურება საქართველოს საბანკო სისტემას და სადაც ქართულ ბანკებს გახსნილი აქვთ საკორესპონდენტო ანგარიშები. {საკორესპონდენტო ანგარიში – ანგარიში, რომელსაც ერთი ბანკი ხსნის მეორეში და რომელიც გამოიყენება ბანკებს შორის ანგარიშსწორებისათვის}

ჩვენ საბანკო სექტორს ბევრი პრობლემა აქვს, განსაკუთრებით ორ დიდ ბანკს, მაგრამ სანქციების არდაქვემდებარება მათი პრობლემა არ უნდა იყოს. არ მგონია, რომელიმე მსხვილი ბანკის მენეჯმენტმა ამხელა უფლება მისცეს საკუთარ თავს, რომ ამდენი წლის ნაშენებ სისტემაში ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან თუ ეს გაცხადდება და ადრე თუ გვიან, გაცხადდება, ამის შედეგი იქნება ის, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ამაში იყო ჩართული ან ხელს უწყობდა სანქციების თავის არიდებას, თვითონვე იქნება სანქცირებული. არ მგონია, მათ ეს პერსპექტივა დიდად მოსწონდეთ.

- შესაძლებელია, რომ ბანკებმა სანქცირებულ პირებს დოლარში ანგარიში დაუხურონ, მაგრამ ლარში დაუტოვონ და ამ შემთხვევაში, საბანკო სექტორი სანქციების დამრღვევი იქნება?

- რა თქმა უნდა და შეუძლებელია {ასე მოიქცნენ}. ფინანსური სანქციები, მათ შორის „მაგნიტსკის აქტის“ შესაბამისად, გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ტიპის საქმიანი ურთიერთობა უნდა შეწყდეს სანქცირებულ პირებთან და საქმიანი კავშირი გულისხმობს ნებისმიერ ვალუტაში ანგარიშს, ტრანზაქციას, ნებისმიერ ორმხრივ ხელშეკრულებას და ა.შ.

- რამ შეიძლება აიძულოს ქართული ბანკები, რომ არ დაიცვან აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის სანქცია? თან როცა არსებობს ნათია თურნავა ე.წ. საგამონაკლისო წესი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების სანქცირების შემთხვევაში, ბანკებს ათავისუფლებს სანქციების დაცვისგან, ვიდრე სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანს...

- ნათია თურნავას ეს ბრძანება აბსურდია... ტყუილია.

- არ უშვებთ იმის ალბათობას, რომ თუ აშშ-ის მიერ სანქცირებული იქნება იმაზე დიდი მაღალჩინოსანი, ვიდრე „ხარებაა“, შეიძლება ბანკებს სხვანაირად დაელაპარაკონ?

- წარმოუდგენელია... ნათია თურნავას საგამონაკლისო წესი ემსახურება ერთადერთ რამეს - საკუთარი ვერტიკალის წინაშე სახე შეინარჩუნონ, რადგან მათ იციან, რომ სხვა შემთხვევაში, არცერთი საშუალო თუ მაღალი თანამდებობის პირი უკანონო დავალებას არ შეასრულებს...

- ნათია თურნავას ე.წ. საგამონაკლისო წესით ამშვიდებენ?

- ყოველ შემთხვევაში, მათ რაღაც უნდა აჩვენონ ადმინისტრაციულ რესურსს, რომ სანქციების ან დასავლეთთან დაპირისპირების შემთხვევაში, დაიცავენ. ეს ბრძანება არის აბსურდი და შეუძლებელია, ის აღასრულო თუ არ ხარ ბელარუსი ანუ შენი ეკონომიკა მთლიანად რუსეთზე, ჩინეთზე, სირიაზე და ჩრდილოეთ კორეაზე უნდა იყოს მიბმული და დასავლური გავლენა როგორც ფინანსურ სისტემაში, ისე ეკონომიკაში უნდა იყოს იმდენად მცირე, რომ არ გაინტერესებდეს მათი გადაწყვეტილებები და ჩვენ შემთხვევაში ეს ასე არ არის.

- ანუ გიორგი ქადაგიძეს სჯერა, რომ ქართული ბანკები არ დაარღვევენ სანქციებს და დღეს ამ სანქცირებული პირების ანგარიშები არის დახურული?

- რა თქმა უნდა... დარწმუნებული ვარ, როგორც არ უნდა იბაქიბუქონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და ქალბატონმა ნათია თურნავამ, ლევან მურუსიძის სასამართლოს არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ ქართულ საბანკო სისტემაზე, რომ ის წავიდეს საერთაშორისო პრინციპების და სანქციების წინააღმდეგ, რაზედაც განვითარებული ქვეყნები შეთანხმდნენ. ზუსტად ამიტომ უწევს ეროვნულ ბანკს ერთ განცხადებაში ურთიერთგამომრიცხავი აბზაცების წერა - პირველ აბზაცში ამბობენ, რომ „საქართველოში მოქმედი საფინანსო სექტორის წარმომადგენლები იცავენ საერთაშორისო სანქციათა მოთხოვნებს“, მეორე აბზაცში კი წერენ, რომ „საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი“. ეს აბსურდია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები