მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება მაშინ, თუ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი - ეროვნული ბანკი

სებ

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ფინანსური სანქციების მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ განცხადებით ეროვნული ბანკი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის - შსს-ს ორი მაღალჩინოსნისა და პრორუსული პარტია "ალტ ინფოს" ლიდერების სანქცირებას.

ეროვნული ბანკი მიუთითებს იმ საგამონაკლისო წესზე, რომელიც სებ-მა 2023 წლის 19 სექტემბერს, აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებიდან 5 დღეში მიიღო და რომლითაც საგამონაკლისო რეჟიმი დააწესა ბანკების მიერ სანქცირებული საქართველოს მოქალაქეების მომსახურებაზე. ამ საგამონაკლისო ბრძანების მიღებას პროტესტის ნიშნად ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან თანამდებობის დატოვება მოჰყვა. ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირებისთანავე წამყვანმა ქართულმა ბანკებმა განაცხადეს, რომ ისინი სრულად აღასრულებდნენ საერთაშორისო ფინანსური სანქციების მოთხოვნებს, ბანკების ნაწილმა კი მიუთითა, რომ შეასრულებდნენ როგორც საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს, ასევე დაიცავდნენ სანქციებთან დაკავშირებით ადგილობრივ რეგულაციებს.

17 სექტემბერს კი საქართველოს საბანკო ასოციაციამ განაცხადა, რომ საქართველოს საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია და ის განუხრელად იცავს და დაიცავს აშშ-ის, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს.

"ბრძანების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, აღსასრულებელ სანქციებთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპი მითითებულია ზემოაღნიშნულ ბრძანებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემატურ ზედამხედველობას უწევს საფინანსო სექტორის ცალკეული მონაწილის მხრიდან როგორც საერთაშორისო სანქციების აღსრულების, ისე საკუთარი რეგულაციების და ეროვნული კანონმდებლობის შესრულების პროცესს.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო ამ დრომდე არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების თავის არიდების ადგილად", - წერია განცხადებაში.

BMG-იმ დამაზუსტებელი კითხვით მიმართა საქართველოს საბანკო ასოციაციას თუ რა პრაქტიკით განხორციელდება საერთაშორისო სანქციის აღსრულება, მოხდება სანქცირებული პირებისთვის ანგარიშების დახურვა, თუ მათ მხოლოდ ევროსა და დოლარში გადარიცხვების განხორციელდება შეუჩერდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები