2018-2019 წლებში საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას შეფასებით, ვიზალიბერალიზაცია ხელწამოსაკრავი საკითხი არაა. „ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილი მინისტრი არ იზიარებს „ოცნების“ მოქმედი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს“.
„უვიზო რეჟიმის გაუქმება არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ვიზის ასაღებად რიგში დგომა მოგვიწევს, რაც არავის სიამოვნებს, არამედ ეს არის ქვეყნისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხი“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.
„ასე ცუდად ესმის ეკონომიკა ირაკლი კობახიძეს თუ საზოგადოებაზე, ქართულ ბიზნესზე აქვს დაბალი წარმოდგენა და ჰგონია, ყველაფერს დაიჯერებენ?“ - გადაცემის წამყვანის ამ კითხვას ყოფილმა მინისტრმა პირდაპირ არ უპასუხა, მაგრამ სამ ფაქტორს ასახელებს იმის დასტურად თუ რა კავშირი აქვს ეკონომიკასთან ვიზალიბერალიზაციას.
„ვერ დავეთანხმები [ირაკლი კობახიძის] განცხადებას; რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკისთვის აქვს მნიშვნელობა და მისი [შეჩერება] სავალუტო გადმორიცხვების მოცულობისთვის ერთ-ერთი დარტყმა იქნება. მარტივად რომ ვთქვათ, წარმოვიდგინოთ საქართველოს მოქალაქეების ის რაოდენობა, რომლებიც დღეს ევროპის ქვეყნებში მუშაობენ და იქიდან ფულს აგზავნიან ქვეყანაში. მათ მიერ გადმორიცხული სავალუტო ნაკადები საკმაოდ დიდია - ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, მაგრამ ნახევარ მილიარდ დოლარზე ბევრად მეტია [2024 წელს, დაახლოებით, $1.5 მლრდ];
ბუნებრივია, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შედეგად, ნაკლებ ადამიანს ექნება ევროპაში წასვლის საშუალება. ჯერ ერთი, ვიცით, რომ ვიზის აღებაც გარკვეული თანხა ღირს და ბევრს ამის საშუალებაც არ აქვს. მეორე მხრივ, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შემდეგ, ევროპაში წასვლა და სამუშაოს პოვნა ადამიანებს გაურთულდება, რადგან დღეს, ზოგიერთ შემთხვევაში, ვიზალიბერალიზაციის მქონე ქვეყნების მოქალაქეებისთვის სამუშაოს პოვნა გამარტივებულია“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ და იქვე დასძინა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადების მხოლოდ ერთ ასპექტს იზიარებს, მაგრამ - ნაწილობრივ.
კერძოდ, ყოფილი მინისტრი ეთანხმება მოქმედი პრემიერის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიზალიბერალიზაციის არარსებობის პირობებში, ბევრად მეტი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში და შესაბამისად, სამუშაო ძალა გაიზრდებოდა, მაგრამ არ მიაჩნია, რომ ეს დააკომპენსირებდა იმ სარგებელს, რაც ქვეყნისთვის ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეებს მოაქვს.
„ირაკლი კობახიძეს დავეთანხმები იმაში, რომ [უვიზო რეჟიმის შეჩერება] ნაწილობრივ დაკომპენსირდება იმით, რომ ადამიანების ნაწილს მოუწევს ქვეყანაში დაბრუნება ან ვისაც წასვლა უნდოდა, ვერ წავა და იძულებული იქნება საქართველოში იმუშაოს, მაგრამ ვფიქრობ, იმ სავალუტო გადმორიცხვებს უფრო დიდ წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკაში, ვიდრე ეს ხალხი ჩამოვიყვანოთ და საქართველოში ვამუშაოთ“, - თქვა გიორგი ქობულიამ.
გარდა ამისა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ კავშირშია ეკონომიკასთან ვიზალიბერალიზაცია, კიდევ ორი საკითხი გამოყო.
ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოს რეპუტაციასა და საინვესტიციო გარემოზე, რომელიც ისედაც არ ბრწყინავს, დამატებით დარტყმას მოახდენს და კიდევ უფრო გაართულებს ინვესტიციების მოზიდვას, ასევე, სესხების აღებას როგორც მთავრობისთვის, ისე ბიზნესისთვის, რომელიც ევროპიდან იზიდავს ფინანსურ რესურსს.
არის კიდევ მესამე ფაქტორი, რომელსაც დღესდღეობით, ბიზნესზე პირდაპირი გავლენა არ აქვს, მაგრამ ხანგრძლივ პერიოდში, შეიძლება, მნიშვნელოვანი იყოს. ვგულისხმობ იმას, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩვენ გვაძლევს საშუალებას, მოსახლეობა მობილური იყოს და თავისუფლად იმოძრაოს საქართველოსა და ევროპას შორის, რაც რეალურად აისახება ჩვენსა და ევროკავშირს შორის კულტურულ და ბიზნესინტეგრაციაზე. დღეს, ახალგაზრდები მიდიან ევროპაში, ეცნობიან ევროპის კულტურას, იცვლება მათი აზროვნება და შესაბამისად, ქვეყანა წინ მიდის, მაგრამ თუ ხალხი თავისუფლად ვერ წავა ევროპაში, ინტეგრაცია შენელდება, რასაც ძალიან დიდი გავლენა ექნება ჩვენს განვითარებასა და ქვეყნის მომავალზე. ამდენად, არ მგონია, რომ ვიზალიბერალიზაცია ხელწამოსაკრავი საკითხი იყოს“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ, 2018-2019 წლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.




























