გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ბიზნეს განვითრებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრში, ღვინის პირველი ევროსტანდარტის ლაბორატორია გაიხსნა, რომელიც იმერეთის რეგიონის მეღვინეებთან ერთად, მთელი დასავლეთ საქართველოს ღვინის მწარმოებლებს მოემსახურება - ამის შესახებ ინფორმაციას GIZ ავრცელებს.
ღვინის ლაბორატორია ბაღდათში GIZ-ის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ - 4-წლიანი პროგრამის ფარგლებში გაიხსნა, რომელიც ევროკავშირის €6.5-მილიონიანი, ხოლო თავად GIZ-ის €1-მილიონიანი დაფინანსებით ხორციელდება.
"პროგრამის მიზანია გამოავლინოს გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს ოთხ რეგიონში - გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი და მოხდეს არსებული, მაგრამ აუთვისებელი პოტენციალის "კატალიზირება", დადებითი ეკონომიკური და სოციალური შედეგების მისაღწევად", - აღნიშნულია GIZ-ის განცხადებაში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული ღვინის ლაბორატორია ხელს შეუწყობს რეგიონში მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების მნიშვნელოვან განვითარებას, ღვინის ექსპორტის ზრდას და მეღვინეებს შორის ჯანსაღი კონკურენტუნარიანობის არსებობას.
"ბაღდათში ღვინის ლაბორატორიის გახსნა, რომელიც დასავლეთ საქართველოს საჭიროებებს მოემსახურება, მნიშვნელოვანი მაგალითია, რომ ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოს რეგიონების მიმართ.
ინვესტიციის მიზანია, მდგრადი ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს ადგილობრივ მოსახლეობას, რაც გულისხმობს, რომ გაუმჯობესებული ღვინის ხარისხი და შემცირებული ხარჯები გაზრდის მეწარმეთა ფინანსურ სარგებელს. გარდა ამისა, მოცემული ინიციატივის შემუშავება და განხორციელება მართლაც ევროპული მოვლენაა, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ ხელისუფლებას, კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადეობასა და პროფესიულ სასწავლებლებს", - განაცხადა ჰოვარდ ჰარდინგმა, GIZ-ის პროექტის მთავარმა ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის: 2024 წლის ივლისში BM.GE-მ გერმანიის საელჩოსგან გამოითხოვნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 1992-2024 წლებში გერმანიის მთავრობამ საქართველოსთვის €1.5 მილიარდი ევრო გამოყო. მაშინ გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი აცხადებდა, რომ ქვეყანა, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გამო, საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის პროცესი დაიწყო.
შეგახსენებთ იმასა, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოსთან კავშირების გადახედვის გადაწყვეტილება აშშ-მაც მიიღო. ევროკავშირმა კი განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიმართ პირდაპირი დახმარება ეტაპობრივად შემცირდება და ეს თანხები მედიის და სამოქალაქო საზოგადოებისკენ გადამისამართდება.