მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გლობალურ საფინანსო რუკაზე გამოჩენა არ არის შემთხვევითი - ნათია თურნავა

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, „თბილისის ფინანსური სამიტის“ გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლებში შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენა, ქვეყანამ შეინარჩუნა ფინანსური სტაბილურობა და განავითარა ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო.

მისივე თქმით, ქვეყანაში ჩამოყალიბდა და ნარჩუნდება სტაბილური მაკროეკონომიკური ფონი, ხოლო თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოს სხვებთან შედარებით გამოარჩევს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, თბილისის ფინანსური სამიტი, რომელიც წელს პირველად ტარდება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, როგორც რეგიონული ფინანსური ჰაბის ჩამოყალიბების გზაზე.

„დღეს, საქართველო პირველად მასპინძლობს მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას - „თბილისის ფინანსურ სამიტს”. მოხარული ვარ, რომ ღონისძიებას ესწრებიან როგორც საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები, ისე რეგიონის ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ინვესტორები, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და ფინტექ ინდუსტრიის ლიდერები. ეს ნათლად აჩვენებს ქართული საფინანსო სექტორის და მთლიანად ჩვენი რეგიონის მიმართ მზარდ საერთაშორისოინტერესს.

სიმბოლურია, რომ „თბილისის ფინანსური სამიტი” აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის პარალელურად იმართება, რადგან საქართველომ უკვე დაიმკვიდრა თავი როგორც ძლიერმა რეგიონულმა ჰაბმა ვაჭრობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის სექტორში, და ამით ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ამჟამად კი სახეზეა საქართველოს ასეთივე ძლიერ ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბების აუცილებლობა და წინაპირობებიც.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ფინანსური სამიტის ერთ-ერთი თანაორგანიზატორია „გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელი“ (GFTN) — წამყვანი საერთაშორისო ქსელი ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში, რომელიც აერთიანებს ფინანსურ ინსტიტუტებს, ფინტექ კომპანიებსა და ინვესტორებს ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან. მოხარული ვარ, რომ ამ წამყვან გლობალურ პლატფორმას ახლა საქართველოცუერთდება.

საქართველოს გლობალურ საფინანსო რუკაზე გამოჩენა არ არის შემთხვევითი. ბოლო წლებში ქვეყანამ მიაღწია შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას, შეინარჩუნა ფინანსური სტაბილურობა გლობალური გამოწვევების ფონზე და განავითარა ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო. საქართველოში ჩამოყალიბდა და ნარჩუნდება სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც შედარებით დაბალ ინფლაციასთან ერთად გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას მეტად განვითარებულ ეკონომიკებთან შედარებითაც კი”, - განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავას განცხადებით, როგორც რეგიონული, ისე გლობალური ინვესტორები სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ საქართველოს ფინანსურ სექტორში ინვესტირების მიმართ, რაც ქვეყნის ეკონომიკისადმი მზარდ ნდობას ასახავს.

მისივე თქმით, შედეგად უკვე არაერთი ახალი ჯგუფი შემოდის ქართულ ბაზარზე, ხოლო ადგილობრივი ბანკები აქტიურად აფართოებენ საქმიანობას მეზობელ ქვეყნებში, რაც საქართველოს საბანკო სექტორს სასურველ ინვესტორად აქცევს რეგიონულ ეკონომიკებში.

„როგორც რეგიონული, ისე გლობალური ინვესტორები სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ საქართველოს ფინანსურ სექტორში ინვესტირების მიმართულებით. შედეგად,უკვე არაერთი ახალი ჯგუფი შემოდის ქართულ ბაზარზე.

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ქართული ბანკებიც აფართოებენ საქმიანობას რეგიონის ქვეყნებში. შესაბამისად, საქართველოს საბანკო სექტორი იქცა სასურველ ინვესტორად რეგიონის ეკონომიკებში.

ტრადიციული საბანკო სექტორის განვითარების პარალელურად, საქართველო აქტიურად უჭერს მხარს ფინტექ სექტორის განვითარებას. საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულება ქვეყანაში ფინანსური ტექნოლოგიებისა და ფინანსური სერვისების განვითარების ხელშეწყობაა. ჩვენ მივესალმებით ამ სფეროთი დაინტერესებულ ინვესტორებს და უცხოურ კომპანიებს, ჩვენი ბაზარი ღიაა მათთვის.

ფინანსური სერვისების დივერსიფიკაციისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში შექმნილია გამჭვირვალე, მოქნილი და ფინტექ საჭიროებებზე მორგებული მარეგულირებელი ჩარჩო, მათ შორის, საქართველოს მთავრობის და პარლამენტის მხარდაჭერით შემოვიღეთ ციფრული ბანკების ლიცენზირება,დავნერგეთ ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის და ზედამხედველობისრეჟიმი, ვავითარებთ ღია ბანკინგს, ჩამოვაყალიბეთ რეგულირების ლაბორატორია (ე.წ. “სენდბოქსი”), სადაცფინანსური ბაზრის მონაწილეებსსაშუალება ეძლევა გამარტივებული მოთხოვნებით და კონტროლირებად გარემოში გამოსცადონ ინოვაციური სერვისები და პროდუქტები.

ეროვნულ დონეზე ფინტექ ეკოსისტემისა და ფინანსური სერვისების განვითარებასთან ერთად, ჩვენთვის პრიორიტეტიარეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება — განსაკუთრებით ფინანსური ტექნოლოგიების, კაპიტალის ბაზრისა და გადახდების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, შუა დერეფნის ქვეყნებთან თანამშრომლობით, საქართველო მიმზიდველ საფინანსო ჰაბად ვაქციოთ, რაც ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის საქმეში ჩვენი ქვეყნის როლის შემდგომ გაძლიერებას ნიშნავს.

დღევანდელი ღონისძიება გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, განვიხილოთ ფინანსური სერვისების მიმართულებით არსებული გლობალური ტენდენციები, რეგიონული ინიციატივები და თანამშრომლობის შესაძლებლობები.

გისურვებთ ნაყოფიერ დისკუსიებსა და წარმატებულ თანამშრომლობას თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში”, - განაცხადა თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები