საუდის არაბეთის ფინანსთა მინისტრმა მოჰამედ ალ-ჯადანმა განაცხადა, რომ გლობალური მიწოდების ჯაჭვებში ბოლოდროინდელმა შეფერხებებმა COVID-19-ის პანდემიის შემდგომ პერიოდსაც გადააჭარბა. მან აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობის შენარჩუნებამ შესაძლოა მსოფლიოს მასშტაბით უფრო ღრმა ეკონომიკური შედეგები გამოიწვიოს.
ფორუმზე FII PRIORITY Miami 2026 სიტყვით გამოსვლისას, ალ-ჯადანმა განაცხადა, რომ გლობალურ ვაჭრობასა და ლოგისტიკაზე მოქმედი მიმდინარე შეფერხებები "იმაზე მასშტაბურია, ვიდრე პოსტკოვიდურ პერიოდში გვინახავს". მან ხაზი გაუსვა მზარდ რისკებს, რომლებიც გლობალურ ბაზრებზე სრულად ჯერ კიდევ არ ასახულა.
მისი თქმით, მართალია, ახალი ამბების სათაურებში ნავთობის ბაზრები დომინირებს, მაგრამ რეალური ზეწოლა კრიტიკულ ინდუსტრიულ სექტორებზე, მათ შორის გადამუშავებულ პროდუქტებზე, სასუქებზე, ფოლადზე, ალუმინსა და ნავთობქიმიურ პროდუქტებზე ჩნდება.
"რეალურად, ნავთობი არ დაზარალებულა ყველაზე მეტად. სასწრაფო ყურადღებას მოითხოვს უფრო ფართო მიწოდების ჯაჭვი," - თქვა მან.
ალ-ჯადანმა მხარეებს რეგიონული დაძაბულობის სწრაფი მოგვარებისკენ მოუწოდა, რათა თავიდან აიცილონ გლობალური ეკონომიკის შემდგომი გადატვირთვა. მან აღნიშნა, რომ გახანგრძლივებულმა შეფერხებამ შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგები მოიტანოს, თუკი პრობლემა დროულად არ გადაიჭრება.
გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად, მინისტრის თქმით, სპარსეთის ყურეში ეკონომიკური აქტივობა საბაზისო დონეზე სტაბილური რჩება. მან ინვესტორებს ურჩია "ჩაახშონ მედიის ხმაური", რათა ბაზრის რეალური მდგომარეობა უკეთ დაინახონ.
ალ-ჯადანმა ხაზი გაუსვა საუდის არაბეთის პანდემიის შემდგომ ეკონომიკურ მაჩვენებლებს და აღნიშნა, რომ სამეფომ G20-ის ეკონომიკების საშუალოზე მაღალ მშპ-ს ზრდას მიაღწია , მიუხედავად იმისა, რომ სტიმულირების ღონისძიებებზე მშპ-ს უფრო მცირე წილი დახარჯა.
მან დასძინა, რომ ქვეყნები, რომლებსაც აქვთ პროაქტიური, გრძელვადიანი სტრატეგიები - ნაცვლად რეაქტიული პოლიტიკისა - უკეთეს პოზიციაში არიან ეკონომიკური შოკების დასაძლევად და მდგრადი ინვესტიციების მოსაზიდად.




























