მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალური ეკონომიკის მესამედი წელს რეცესიაში იქნება - IMF-ის გაფრთხილება

63b3ceabde887
თამთა ჯიჯავაძე
03.01.23 10:40
502
გლობალური ეკონომიკის მესამედი წელს რეცესიაში იქნება. ამის შესახებ საერთაშორისო მონეტარული ფონდის ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა. მისი თქმით, 2023 წელი უფრო მეტად მძიმე იქნება, ვიდრე გასული წელი, ვინაიდან აშშ-ის, ევროკავშირის და ჩინეთის ეკონომიკები შენელების ტენდენციას განიცდიან. ამის მიზეზი კი უკრაინაში მიმდინარე ომი, გაზრდილი ფასები, გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და ჩინეთში კოვიდაფეთქების მორიგი ტალღაა, რაც გლობალურ ეკონომიკას დიდ დარტყმას აყენებს.

„ის ქვეყნებიც კი, რომლებიც არ არიან რეცესიაში, იგრძნობენ რეცესიას“, - განაცხადა გეორგიევამ.

მისივე თქმით, მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის - ჩინეთისთვის 2023 წლის დასაწყისი რთული იქნება. კოვიდაფეთქებამ ჩინეთის ეკონომიკა უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა.

ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში წარმოების მაჩვენებელი და ქარხნების აქტივობა ზედიზედ სამი თვის განმავლობაში კლებით გამოირჩევა. შემცირებულია სხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებლებიც. რამდენიმე დღის წინ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ქვეყანას მეტი ერთიანობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ჩინეთი „ახალ ეტაპზე“ გადადის.

აღსანიშნავია, რომ ათწლეულების განმავლობაში აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი ჩინეთზე, როგორც მთავარ სავაჭრო პარტნიორზე, მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული. შესაბამისად, აზიური ქვეყნების ეკონომიკებზე ჩინეთში შექმნილ ვითარებას საგრძნობი ეფექტი აქვს.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2023 წლის გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გასული წლის ოქტომბერში შეამცირა. კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისა და ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, IMF-მა 2023 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.2 პროცენტული პუნქტით, 2.7%-მდე შეამცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები