მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ მუშაობს მსოფლიო ეკონომიკა გამოწვევების ფონზე? - IMF-ის ხელმძღვანელის შეფასება

IMF კრისტალინა გეორგიევა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველი დირექტორის თქმით, „გაურკვევლობა ახალი ნორმაა“ გლობალურ ეკონომიკაში.

კრისტალინა გეორგიევამ მომავალ კვირას დაგეგმილ ფონდის ყოველწლიურ შეხვედრამდე ეკონომიკური სტაბილურობისთვის მზარდ რისკებზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ მსოფლიო ეკონომიკამ გასაკვირი მდგრადობა გამოავლინა დონალდ ტრამპის სავაჭრო ომის წინაშე.

გეორგიევას შეფასებით, გამოწვევების ფონზე გლობალური ეკონომიკა "მოსალოდნელზე უკეთ, მაგრამ საჭიროზე უარესად მუშაობს".

IMF-ის ხელმძღვანელის თანახმად, მოსალოდნელია, რომ აშშ თავიდან აიცილებს რეცესიას, მიუხედავად მისი სავაჭრო პარტნიორების უმეტესობისთვის ისტორიული ტარიფების დაწესებისა, გლობალური ეკონომიკა კი „მხოლოდ უმნიშვნელოდ შენელდება წელს და მომავალ წელს".

თუმცა, გეორგიევამ დაძაბულობის მზარდ ნიშნებზე მიუთითა, მათ შორის ოქროს რეკორდულ ფასზე - რომელმაც ოთხშაბათს 4000 დოლარს გადააჭარბა უნციაზე, რაც ინვესტორებში შფოთვაზე მიუთითებს - და აშშ-ის აქციების განსაკუთრებით მაღალ შეფასებებზე.

„სანამ ვინმე შვებით ამოისუნთქავს, გთხოვთ, მოისმინოთ შემდეგი: გლობალური მდგრადობა ჯერ სრულად არ არის გამოცდილი და არსებობს შემაშფოთებელი ნიშნები, რომ შესაძლოა ეს გამოცდა დადგეს“, - განაცხადა მან ვაშინგტონში, მილკენის ინსტიტუტში გამოსვლისას.

ივლისში, მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივის ბოლო განახლებაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2025 წელს გლობალური ეკონომიკის 3%-იანი ზრდის პროგნოზი გააკეთა, რაც ზომიერი შენელებაა 2024 წლის 3.3%-თან შედარებით. IMF პროგნოზებს მომავალი კვირის შეხვედრებზე განაახლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები