მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გლობალური მშვიდობის ინდექსში ისლანდია ლიდერობს - რომელ ადგილზე არის საქართველო?

მშვიდობა

2025 წლის მშვიდობის ინდექსით მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანა ისლანდიაა, რომელიც 1-5 ქულამდე შკალაზე 1.095 ქულით შეფასდა - რაც უფრო დაბალია ქულა, მით უფრო მშვიდობიანია ქვეყანა.

Global Peace Index ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) პროდუქტია, რომელიც ერთ-ერთ წამყვან ინსტრუმენტად ითვლება გლობალური მშვიდობის დასადგენად. ანგარიშში წარმოდგენილია ღრმა და მონაცემებზე დაყრდნობილი ყოვლისმომცველი ანალიზი სამშვიდობო და ეკონომიკურ ტენდენციებზე. ინდექსში ხვდება მსოფლიო მოსახლეობის 99.7% და 23 თვისებრივი და რაოდენობრივი ინდიკატორით იზომება მშვიდობის მდგომარეობა სამ სფეროში:

  • სოციალური უსაფრთხოებისა და დაცულობის დონე;
  • მიმდინარე შიდა და საერთაშორისო კონფლიქტის მასშტაბები;
  • მილიტარიზაციის ხარისხი.

2025 წლის ინდექსით დადგინდა, რომ გრძელდება გლობალური მშვიდობის შემცირების ტენდენცია. არაერთ მნიშვნელოვან კატეგორიაში შედეგები კი იმაზე მეტადაა გაუარესებული, ვიდრე ნებისმიერ სხვა კრიტიკულ პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

კონფლიქტებში სიკვდილიანობის ზრდა, გეოპოლიტიკური დაძაბულობის დაჩქარება და საშუალო ძალების თავდაჯერებულობა იწვევს „დიდ ფრაგმენტაციას“ - გლობალური წესრიგის ფუნდამენტურ გარდაქმნას და ახალი გეოპოლიტიკური ეპოქის დადგომას.

● გლობალური მშვიდობა, ინდექსის შედგენის დღიდან, ყველაზე დაბალ დონეზეა, ხოლო კონფლიქტის წინმსწრები პირობები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე უარესია.

● 2014 წლიდან მოყოლებული, გლობალური სიმშვიდე ყოველწლიურად უარესდება, ბოლო ათწლეულის განმავლობაში 100 ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესდა;

● ამჟამად 59 აქტიური სახელმწიფოებრივი კონფლიქტია - ყველაზე მეტი, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ; 2024 წელს კონფლიქტთან დაკავშირებული 152 000 სიკვდილით;

● 2024 წელს 17 ქვეყანაში შიდა კონფლიქტების შედეგად 1000-ზე მეტი სიკვდილი დაფიქსირდა, რაც 1999 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;

● კონფლიქტები სულ უფრო საერთაშორისო მასშტაბის ხდება: 2024 წელს საკუთარი საზღვრების გარეთ კონფლიქტებში 78 ქვეყანაა ჩართული.

● ძალადობის გლობალურმა ეკონომიკურმა ზეგავლენამ 2024 წელს 19.97 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც გლობალური მშპ-ს 11.6%-ს შეადგენს, ხოლო მხოლოდ სამხედრო ხარჯები 2.7 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნები - TOP 20

  1. ისლანდია - 1.095
  2. ირლანდია - 1.26
  3. ახალი ზელანდია - 1.282
  4. ავსტრია - 1.294
  5. შვეიცარია - 1.294
  6. სინგაპური - 1.357
  7. პორტუგალია - 1.393
  8. დანია - 1.393
  9. სლოვენია - 1.409
  10. ფინეთი - 1.42
  11. ჩეხეთი - 1.435
  12. იაპონია - 1.44
  13. მალაიზია - 1.469
  14. კანადა - 1.491
  15. ნიდერლანდები - 1.491
  16. ბელგია - 1.492
  17. უნგრეთი - 1.5
  18. ავსტრალია - 1.505
  19. ხორვატია - 1.519
  20. გერმანია - 1.533

სად არის საქართველო?

საქართველო მშვიდობიანი ქვეყნების რეიტინგში 109-ე ადგილს იკავებს და 5-დან 2.19 ქულა აქვს.

ყველაზე უარესი შედეგი ქვეყანამ მსუბუქ იარაღზე მარტივად ხელმისაწვდომობისა და შიდა კონფლიქტების ინტენსივობის კომპონენტებში აიღო.

კარგი შედეგები აჩვენა საქართველომ კრიმინალის აღქმის, ძალადობრივი დემონსტრაციების სიმრავლის, იარაღების იმპორტის, ტერორიზმის გავლენის, შიდა კონფლიქტებით გამოწვეული სიკვდილიანობის, სამხედრო დანახარჯების და სხვა კატეგორიებში.

გასულ წელს საქართველო 101-ე ადგილზე იყო, შეფასება კი 2.12 ქულა ჰქონდა. 2020 წელს კი 2.01 ქულით საქართველო ყველაზე მშვიდობიან ქვეყნებს შორის 90-ე ადგილზე იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები