„გლობალური ომის პარტია“ - ეს არის ფანტასტიკის ჟანრი, შეგიძლიათ ეს მუდმივად ეძებოთ მაგრამ ვერასოდეს იპოვით - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა BMG-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ელჩისთვის გაუგებარია "ქართული ოცნების" რიტორიკა, რომელიც დასავლეთის მიმართ შიშს თესავს და ავრცელებს დეზინფორმაციას, რის მაგალითადაც "ქართული ოცნების" წევრების მიერ ხშირად გამოყენებული ტერმინი გლობალური ომის პარტია მოიყვანა.
"თუ გსურთ კავშირში შემოსვლა, მაგრამ ამავდროულად მას სულ აკრიტიკებთ და ამბობთ, რომ ის საშიშია, გლობალური ომის პარტიაა – და ეს არ არის ჩემი ტერმინი. მე არ მომწონს ეს ტერმინი. მგონია, რომ გლობალური ომის პარტია არ არსებობს – მაშინ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა – შეგვიძლია თუ არა გავაგრძელოთ ჩვეული ურთიერთობები? ისევ ვართ პარტნიორები თუ უკვე აღარ ვართ პარტნიორები? ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია – ეს არის ჩვენი პოზიცია.
გარკვეული მიზეზის გამო, რომელსაც ბოლომდე ვერ ვხსნი, მთავრობის მიერ არჩეული იქნა რიტორიკა, რომელიც არის ანტიევროპული და შიშს თესავს. ევროკავშირის ქვეყნები, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი… მიჩნეულია ერთგვარ სახიფათო ქვეყნებად. ჩვენ არ ვართ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები, ევროკავშირი არის პროექტი, რომელიც უკავშირდება მშვიდობას. შესაბამისად, ჩვენ გლობალური მშვიდობის პარტია უფრო ვართ. ახლა ითესება ეს რაღაც უცნაური შიში და ვრცელდება დეზინფორმაცია", - განაცხადა მან.
აშშ და გერმანია ორი უმსხვილესი დონორი ქვეყანაა საქართველოსთვის და ასეთი დამოკიდებულების გამო "ქართული ოცნების მხრიდან, ეს ურთიერთობები გადაიხედება:"გერმანიას საქართველოში აქვს აქტიური პროტფოლიო 2 მილიარდი ევროს ოდენობით .. აშშ და გერმანია ორი უმსხვილესი დონორი ქვეყანაა საქართველოსთვის .. თუ პარტნიორები აღარ ვიქნებით, მოგვიწევს გადავიაზროთ ჩვენი პროექტები".