მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გმირი პოლიციელებისთვის ეს ნამდვილი კომპლიმენტია" - კობახიძე სპეცრაზმელთა გამოქვეყნებულ სიაზე

ბრიფინგი

წუხელ ღამით მედიასაშუალებებში პროევროპული აქციების დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელების სიის გამოქვეყნებას ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეხმიანება.

კობახიძის განცხადებით, სიების გამოქვეყნება პოლიციელებისთვის კომპლიმენტი და საამაყოა.

"გმირი პოლიციელებისთვის ეს სია არის ნამდვილი კომპლიმენტი, როდესაც ლიბერალ-ფაშიტები, ნაცები აქვეყნებენ შენს სიას. თქვენ ხედავდით, რა ხდებოდა ამ დღეებში თბილისის ქუჩებში, ერთ მხარეს იყვნენ ევროპულად მოქმედი გმირი პოლიციელები და მეორე მხარეს იყვნენ სრულიად არაევროპულად მოქმედი ნაცი მოძალადეები. თითოეულ გმირ პოლიციელს შეუძლია იამაყოს იმისთვის, რაც გააკეთეს საკუთარი ქვეყნისათვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სიების გამოქვეყნების საპასუხო ქმედებებზე უკვე მუშაობენ და სიების "სწორედ რადიკალებს" უნდა ეშინოდეთ.

„როდესაც ვეღარ ძალადობდნენ ფიზიკურად, როცა ამოიწურა ამის რესურსი გადავიდნენ უკვე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რაც არის დამახასიათებელი ლიბერალური ფაშიზმისთვის. დაიწყეს სიების გამოქვეყნება, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, პოლიციელების. თუ ვინმეს შეიძლება ეშინოდეს რაიმე სიის, ესენი არიან სწორედ რადიკალები, ჩვენ ვიმოქმედებთ, ამას ვპირდებით აუცილებლად ყველას, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წუხელ ღამით, "მთავარმა არხმა" მოიპოვა და გაავრცელა იმ სპეცრაზმელთა სია, რომლებიც, მათი ინფორმაციით, "ამ დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეთა არაადამიანურ და ძალადობრივ დარბევასა და დაკავებებში მონაწილეობენ". მედიის თქმით, სია „მთავარ არხს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ფარულად მიაწოდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები