სამხრეთ კორეაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ მოლაპარაკებები გამართა კორეის წამყვანი ტურისტული, მარკეტინგული კომპანიებისა და მედია მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორეაში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით და ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების მოსაზიდად შეხვედრები შედგა ჰანჯინგ თრეველისა და ჰერალდ მედიას ხელმძღვანელებთან.
„საქართველო Hanjin Travel-ისთვის ძალიან კარგი პარტნიორია. სწორედ ამიტომ ჩვენმა კომპანიამ თქვენი ქვეყნის მიმართულებით ჩარტერული პირდაპირი ფრენები შეასრულა. საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა კორეელი მოგზაურებისთვის და ჩვენი კომპანია უფრო მეტი მოგზაურის გაგზავნას ცდილობს საქართველოში. შესაძლოა მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ჩარტერული ფრენა შევასრულოთ საქართველოს მიმართულებით. ჩვენ ვგეგმავთ საქართველოში სხვადასხვა ტურისტული პროდუქტების შექმნას, ევროპული ქალაქების რეგულარული რეისები საშუალებით“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ Hanjin Travel-ის პრეზიდენტმა ლი იანგუნმა.
ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან ტურიზმის ისტორიაში რეკორდული რაოდენობის ვიზიტი განხორციელდა. ქვეყანაში კორეის მოქალაქეებმა 26 687-ჯერ იმოგზაურეს, რამაც არამხოლოდ 2023 წლის მაჩვენებელს, არამედ პანდემიამდელ - 2019 წლის ვიზიტების [16 642 ვიზიტი] რაოდენობასაც გადააჭარბა.
ბოლო 5 წლის განმავლობაში კორეის რესპუბლიკიდან შესრულებული ვიზიტების რაოდენობა ასეთია:
2024 წელი - 26 687 ვიზიტი
2023 წელი - 14 878 ვიზიტი;
2022 წელი - 5 112 ვიზიტი;
2021 წელი - 908 ვიზიტი;
2020 წელი - 1 099 ვიზიტი;
ბოლო წლებში კორეის რესპუბლიკიდან ვიზიტების დადებითი ტენდენცია 2025 წლის პირველ კვარტალში შეიცვალა და კლება დაფიქსირდა. იანვარ-მარტში ქვეყანაში კორეიდან 936 ვიზიტი შესრულდა, რაც 2024 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს [1 444 ვიზიტი] 35.2%-ით ჩამორჩება.




























