ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და ციფრული კომუნიკაციების სისტემების განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებულად იზრდება ინტერესი სმარტ კონტრაქტის (Smart Contract), ანუ ე.წ. „გონიერი კონტრაქტის“ - როგორც აღნიშნული ტექნოლოგიის ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტის მიმართ. სწორედ "სმარტ კონტრაქტის" ბიზნესს იმ სიკეთეების მიღება შეუძლია, რაც ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას მოჰყვება შედეგად.
“გონიერი კონტრაქტების” რამდენიმე მიმართულება არსებობს, რომელთა შორისაცაა ქონებრივი ურთიერთობების კონტროლი, მათ შორის ქონებრივი ოპერაციების გატარება ციფრული ვალუტებითა და აქტივებით; ფინანსური მომსახურება; სესხის ვალდებულებები და ა.შ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, “სმარტ კონტრაქტი” არის ორ მხარეს შორის შეთანხმება, რომელიც ბლოკჩეინ მონაცემთა ბაზაში ისახება.
USAID-ის ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში გონიერი კონტრაქტების ტექნოლოგიების მიმართულებით მოკვლევაა დაწყებული. ამ საკითხზე BMGTV-ის ეთერში USAID-ის ეკონომიკური პროგრამის ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის ანალიტიკოსი მარი ცუცქირიძე საუბრობს. მისი თქმით, გონიერი კონტრაქტების სისტემის დანერგვა ტრადიციული ოპერაციების ახლებურად განხორციელების საშუალებას იძლევა.
ცუცქირიძის განმარტებით, USAID-ის ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში, ბლოკჩეინზე დაფუძნებული კონტრაქტების სისტემათა დანერგვა-პოპულარიზების პროცესში რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა.
“ერთ-ერთი დაბრკოლება ისაა, პროცესში მაქსიმალურად ჩავრთოთ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორი. მათი ჩართულობა ჰარმონიზებული შედეგების მისაღებადაა მნიშვნელოვანი. ამ გამოწვევის საპასუხოდ მსჯელობა უკვე დაწყებული გვაქვს და მრავალ მიმართულებას ვიკვლევთ, რათა გავიგოთ, რამდენად მზადაა კერძო სექტორი, ეს ტექნოლოგიები აითვისოს.
ამ სფეროში სამართლებრივი დაბრკოლებებიც ბევრი გამოიკვეთა - მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ გონიერი კონტრაქტის საბოლოო მიზანი ორ ქვეყანას შორის ინტერაქციაა. შესაბამისად, რთულია განისაზღვროს, კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში, საქმის განხილვა რომელი ქვეყნის იურისდიქციით უნდა მოხდეს”, - ამბობს მარი ცუცქირიძე.
მისივე განმარტებით, ვინაიდან ტრადიციული კონტრაქტების შექმნა-აღსრულება უდიდეს ადამიანურ რესურსს მოითხოვს, "სმარტ კონტრაქტების" დანერგვა აღნიშნულ პროცესებს მნიშვნელოვნად გაამარტივებს.
“თუ სმარტ კონტრაქტებს იგივე ძალა ექნებათ, რაც ტრადიციულს, ეს მათი აღსრულების ხარჯებსაც შეამცირებს და დროსაც. გარდა ამისა, ბლოკჩეინზე დაფუძნებული "გონიერი კონტრაქტის" გამოყენებით, საფრთხე იმისა, რომ კონტრაქტის ჩანაწერში პირადი სარგებლის მიზნით ვინმე ცვლილებას შეიტანს, მინიმალიზებულია”, - განმარტავს მარი ცუცქირიძე.
USAID-ი ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში გონიერ კონტრაქტებზე მოკვლევით სამუშაოებს 2024 წლის მარტისთვის დაასრულებს.