მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Google აშშ-ში Android სმარტფონების მფლობელებს $135 მილიონს გადაუხდის - მიზეზი

google
სტატიაში საუბარია:

წლების განმავლობაში, Google-ს მომხმარებელთა თანხმობის გარეშე Android სმარტფონებიდან მონაცემების შეგროვებაში ადანაშაულებდნენ. გასულ წელს კალიფორნიაში შეტანილი სარჩელის შედეგად, Google-ს მომხმარებლებისთვის $314 მილიონის გადახდა დაეკისრა, ცოტა ხნის წინ კი კიდევ ერთი ჯგუფური სარჩელი გადაწყდა, რამაც, შესაძლოა, კომპენსაცია კიდევ 100 მილიონ ადამიანს მოუტანოს.

მიუხედავად იმისა, რომ Google ბრალს არ აღიარებს, იანვარში, საქმეზე "ტეილორი Google LLC-ის წინააღმდეგ" (Taylor v. Google LLC) კომპანიამ გარიგებას მიაღწია და 135 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა.

მორიგების ფარგლებში, Google განაახლებს Google Play-ს მომსახურების პირობებს და დააზუსტებს, რომ მონაცემთა გარკვეული გადაცემა პასიურად მაინც ხდება მაშინაც კი, როცა თქვენს Android მოწყობილობას არ იყენებთ, და რომ Wi-Fi-სთან კავშირის არარსებობისას, შესაძლოა, ფიჭური კავშირი იქნას გამოყენებული. ამის გამორთვა ყოველთვის შეუძლებელია, თუმცა მოწყობილობის დაყენებისას მომხმარებლებს ამაზე თანხმობას მოსთხოვენ.

Google ასევე სრულად შეწყვეტს მონაცემების შეგროვებას, როდესაც "ფონურ რეჟიმში მონაცემთა გამოყენების დაშვება" (background data usage) გამორთულია.

ვინ შეიძლება Google-ისგან კომპენსაცია მიიღოს?

საქმეში "ტეილორი Google LLC-ის წინააღმდეგ" მოსარიგებლად ოთხ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეთ:

1. იყოთ ცოცხალი ფიზიკური პირი აშშ-ში.

2. იყენებდეთ Android-ის მობილურ მოწყობილობას ფიჭური მონაცემების (cellular data) პაკეტით.

3. ზემოხსენებულ მოწყობილობას იყენებდეთ 2017 წლის 12 ნოემბრიდან იმ თარიღამდე, როდესაც მორიგება საბოლოოდ დამტკიცდება.

4. არ იყოთ ჯგუფური სარჩელის წევრი საქმეში "ჩუპო Google LLC-ის წინააღმდეგ", რომელიც მსგავსია, მაგრამ კონკრეტულად კალიფორნიის მცხოვრებლებს ეხება.

საბოლოო დამტკიცების მოსმენა 23 ივნისსაა დანიშნული, მაქსიმალური კომპენსაცია კი ერთ მომხმარებელზე $100-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები