Google-მა თანამშრომლებს განუცხადა, რომ ისინი, ვინც კომპანიაში არსებული ვაქცინაციის პოლიტიკას არ მიჰყვებიან, სამუშაოს საბოლოოდ დაკარგავენ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, კომპანიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, თანამშრომლებმა ვაქცინაციის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა ატვირთონ, ხოლო მათ, ვინც ამას არ გააკეთებს, ჯერ უხელფასო შვებულებაში გაუშვებენ და მოგვიანებით გაათავისუფლებენ.
Google-ის ადმინისტრაცია თანამშრომლების ოფისში დაბრუნებას ითხოვს, რაც ამ დრომდე არაერთხელ გადაიდო, შესაბამისად, კომპანიაში ელიან, რომ თანამშრომლები აიცრებიან.
"თანამშრომლების სავალდებულო ვაქცინაცია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა, რომლითაც შეგვიძლია ჩვენი მუშახელის უსაფრთხოება და სერვისების შეუფერხებელი მუშაობა უზრუნველვყოთ. ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ კომპანიის ვაქცინაციის პოლიტიკა მკაცრად დავიცვათ“, - წერია Google-ის ოფიციალურ განცხადებაში.
კომპანიის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციითვე, თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის ატვირთვის ბოლო ვადა 4 იანვარია.




























