მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Google-ის კვარტალურმა შედეგებმა ანალიტიკოსების ყველა მოლოდინს გადააჭარბა

ბრიტანეთი
სტატიაში საუბარია:

ამერიკული ტექნოლოგიური ინდუსტრიის გიგანტმა Google-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. 2025 წლის ბოლო კვარტალში კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა $113.83 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 18%-ით აჭარბებს და $2 მილიარდით აღემატება იმ პროგნოზს, რაც უოლ-სტრიტის ექსპერტებს Google-ის მიმართ ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით $8 მილიარდით გაიზარდა და $34.46 მილიარდი შეადგინა, რაც 29.8%-იანი ზრდაა წრიულ ჭრილში. ამ დადებითი შედეგის ფონზე ტექნოლოგიურმა კომპანიამ ინვესტორებისთვის თითო აქციაზე გასაცემი დივიდენდების მოცულობა მოსალოდნელზე მეტად, 60 ცენტით გაზარდა და $2.82 შეადგინა. აქვე უნდა ითქვას, რომ Google-ს მოსალოდნელზე დიდი ოპერაციული ხარჯების გაწევაც მოუწია. კერძოდ, $12 მილიარდით მეტის, ვიდრე ანალიტიკოსები მოელოდნენ. საუბარია $77.90 მილიარდზე, რაც კომპანიის ხელმძღვანელობის განმარტებით, ე.წ. რობოტაქსების შვილობილ კომპანია Waymo-ს, ასევე ხელოვნური ინტელექტის განვითარებას უკავშირდება.

განსაკუთრებით შემოსავლიანი კომპანიისთვის ამჯერადაც ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა აღმოჩნდა, საიდანაც მოგებამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 48%-ით გადააჭარბა და $17.66 მილიარდი შეადგინა. მცირედი კლება დაფიქსირდა შემოსავლების Youyube-იდან მიღების კუთხით, თუმცა კომპანიაში განმარტავენ, რომ გასული წლის მე-4 კვარტალში ამერიკაში არჩევნები მიმდინარეობდა, შესაბამისად, თუნდაც რეკლამაზე გაცილებით მეტი იხარჯებოდა.

ინვესტორების განსაკუთრებული ყურადღება და ნაწილობრივი უკმაყოფილება გამოიწვია Google-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებამ, კაპიტალური ხარჯები 2026 წელს $175.66-$185 მილიარდამდე გაზარდონ, რაც გასული წლის ფისკალურ გეგმებს თითქმის 2-ჯერ აღემატება. ამ თანხების უდიდესი ნაწილი ე.წ ქლაუდ ინფრასტრუქტურის გაფართოებას, ასევე ხელოვნური ინტელექტის განვითარებას მოხმარდება. თუმცა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ აქცინერებს განუცხადა, რომ წინა წლებში Gemini-ს ხელოვნურ ინტელექტზე კომპანიის მიერ გაწეულმა ხარჯებმა მისი მომსახურების ღირებულება უკვე შეამცირა 78%-ით. შესაბამისად, გაზრდილი კაპიტალური ხარჯები, ამ ტენდენციის გაგრძელებას და ოპერაციული გასავლის კიდევ უფრო შემცირებას მოხმარდება.

გამორჩეული დადებითი შედეგების მიუხედავად, კაპიტალური ხარჯების ზრდამ ინვესტორების ნაწილი უკმაყოფილო დატოვა, რამაც აქციების ფასის, საშუალოდ, 2%-ით შემცირება გამოიწვია. ამჟამად, ერთი აქცია $333.24 დოლარად ივაჭრება და კომპანიის კაპიტალიზაცია $4,02 ტრილიონს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები