მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გორში მოყვანილი ვაშლი ექსპორტზე დუბაიში გავა - მზადება „ტირიფონის ბაღებში“

6400aef37c38e
ვიქტორია მღებრიშვილი
05.03.23 18:42
2602
კომპანია „ტირიფონის ბაღებში“ მოწეული ვაშლი ექსპორტზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კონკრეტულად კი დუბაიში გავა. აღნიშნული ინფორმაცია Facebook-ით გავრცელდა.

BM.GE „ტირიფონის ბაღების“ დირექტორს ზურაბ გოჯიაშვილს დაუკავშირდა და დუბაის მიმართულებით ვაშლის სატესტო ექსპორტის დეტალებით დაინტერესდა.

კომპანიამ ვაშლის ინტენსიური ბაღების გაშენება გორის სოფელ კვარხითში 2014 წელს დაიწყო და დღეისთვის 31 ჰექტარზე სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით აღჭურვილ ბაღებში 7 სახეობის ვაშლი და 2 სახეობის მსხალი მოჰყავს. მეურნეობა ასევე 1000 ტონის ტევადობის სამაცივრე საცავს მართავს. როგორც კომპანიის დირექტორი ზურაბ გოჯიაშვილი აცხადებს, ვაშლის მოყვანას Global GAP-ით სტანდარტით ახორციელებენ და შესაბამისი სერტიფიკატიც აქვთ. დღემდე „ტირიფონის ბაღებში“ მოყვანილი ვაშლი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე „გორჯის“ ბრენდით იყიდებოდა, თუმცა გასული წლიდან კომპანიამ ექსპორტზე დაიწყო მუშაობა და დღეისთვის პირველი სატესტო მოცულობის გაგზავნისთვის ემზადება. კომპანიაში თვლიან, რომ ვაშლის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

„ამ ეტაპზე, 2022 წლის მოსავლიდან, მხოლოდ ერთი კონტეინერი უნდა გავგზავნოთ ექსპორტზე. რუსეთში ექსპორტის სურვილი დიდად არასოდეს გვქონია, ამავე დროს, საქართველო ვაშლის იმპორტიორი ქვეყანა გახლავთ, ამიტომაც მიგვაჩნდა, რომ პირველ რიგში ქართულ ბაზარზე არსებული დეფიციტი უნდა შეგვევსო, შემდეგ კი რომელიმე სტაბილურ ბაზარზე ექსპორტის შესახებ გვეფიქრა.

არაბეთის ნახევარკუნძულის, აფრიკისა და ინდოეთის ოკეანის ქვეყნები ჩვენი პროდუქციისთვის ბუნებრივ ბაზრად მიგვაჩნია. ჩვენი პარტნიორები კომპანია "ექსიმკროპიდან" დაგვიკავშირდნენ და დუბაიში ექსპორტი შემოგვთავაზეს, რაშიც USAID სოფლის განვითარების პროგრამამ მნიშვნელოვანი დახმარება აღმოგვიჩინა და ახლა ამ პირველი 20-ტონიანი პარტიის ექსპორტს ვცდილობთ. სავარაუდოდ, შემდეგ კვირაში სამაცივრე კონტეინერს გადავტვირთავთ“, - ამბობს ზურაბ გოჯიაშვილი.

კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ მათთვის ექსპორტის საწყის ეტაპზე ფინანსურ შემოსავალზე მეტად გადატვირთვით მიღებული ცოდნა და გამოცდილება იქნება, რომელიც კომპანიისთვის შეუფასებელი იქნება.

„ვაშლის გატანა ბუშელის ყუთებით მოხდება. 18 კგ ტევადობის ე.წ. ბუშელები ვაშლის ფენების ერთმანეთისგან იზოლირებას უზრუნველყოფს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მექანიკური დაზიანება. სამაცივრე კონტეინერში უზრუნველყოფილი უნდა იყოს 1-2 გრადუსი ტემპერატურა, რასაც სპეციალური რეგისტრატორის მეშვეობით გავაკონტროლებთ“, - ამბობს ექსპორტის დეტალებზე საუბრისას კომპანიის დირექტორი.

ზურაბ გოჯიაშვილი აღნიშნავს, რომ დუბაის რეგიონში საკვანძო ადგილი უჭირავს და აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით წარმატების შემთხვევაში ქართულ, მათი წარმოების ვაშლზე ინდოეთის ოკეანის (ინდოეთი, ინდონეზია) და აფრიკის ქვეყნებიდან მოთხოვნის გაჩენას არ გამორიცხავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები