საქართველოდან ვაშლის ექსპორტი მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით ხუთჯერ შემცირდა. იმპორტი კი ანალოგიურ პერიოდში გაზრდილია. სტატისტიკის მიხედვით, უფრო მეტი ვაშლი შემოვიტანეთ, ვიდრე გავიტანეთ, რომლის ძირითად მიზეზად “ტირიფონის ბაღების” დამფუძნებელი, ზურაბ გოჯიაშვილი სამაცივრე მეურნეობების არარსებობას ასახელებს.
„ისევ როგორც წინა წლებში, ახლაც, ჩემი აზრით, საქართველოში ჯერჯერობით ნეტო იმპორტი ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაშლი უფრო მეტი შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. ეს იმის ბრალია რომ შენახვა არ გამოგვდის, როგორ უნდა შევინახოთ, არ ვიცით, სადაც უნდა შევინახოთ, ის არ გვაქვს და როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს არ გვექნება. ამიტომ ვფიქრობ, ღირსეულ ქვეყნებში ექსპორტზე ცოტა ადრეა საუბარი.
თუ მივაღწიეთ იმას, რომ ჭარბი მოსავალი გვექნება, იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ჩვენ შენახვა შეგვიძლია და ვიდრე ჩვენს ბაზარს ათვისება შეეძლება, მაშინ უნდა ვიფიქროთ ექსპორტზე“, - განმარტა მეწარმემ, რომელიც ვაშლის წარმოებით 2014 წლიდან არის დაკავებული.
“ტირიფონის ბაღები” გორში, სოფელ კვარხითში, ზურაბ გოჯიაშვილმა 2014 წელს დააფუძნა. ვაშლის ბაღი სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით და USAID-ის დახმარებით გაშენდა. 31 ჰექტარის ფართობის სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით აღჭურვილ ბაღში დღეს 7 სახეობის ვაშლი და 2 სახეობის მსხალია გაშენებული. 2022 წელს, კომპანიამ დუბაიში სატესტო ექსპორტიც განახორციელა, თუმცა, როგორც გოჯიაშვილი bm.ge-სთან აცხადებს, მას შემდეგ ექსპორტზე აღარ გასულან.
„ექსპორტზე ვფიქრობთ, ოღონდ მაშინ, როდესაც მივაღწევთ შიდა წარმადობას და შენახვის შესაძლებლობა გადააჭარბებს ადგილობრივ ბაზრის მოთხოვნას, მაშინ ექსპორტი ერთადერთი გამოსავალი იქნება. ჯერჯერობით საქართველო არის ნეტო იმპორტიორი. ძირითადად ვაშლი ექსპორტზე გადის ოქტომბერში, როდესაც ვაშლი ღირს 1.15 ლარი. ახლა საბითუმო ფასი 3 ლარია. გამოდის ერთ ლარად გაყიდულს შემდეგ სამ ლარად ვყიდულობთ. თუ შეგვიძლია რომ გავყიდოთ მეტად, ჯობია შევინახოთ და მეტად გავყიდოთ. როდესაც გვექნება შესაძლებლობა რომ გაცილებით მეტი მოვიყვანოთ, ვიდრე ჩვენს ბაზარს ათვისება შეუძლია, მაშინ უნდა ვიფიქროთ ექსპორტზე. ჯერჯერობით ეგრე არ შეგვიძლია“, - განაცხადა მან.
„ტირიფონის ბაღები“ იმედოვნებს, რომ წელს, გასულ წელთან შედარებით უფრო მეტ მოსავალს მიიღებენ, თუმცა ეს ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული.
„მიუხედავად იმისა, რომ ახლა ძალიან თბილა, შეიძლება ყვავილობის პერიოდმა გვიანი საგაზაფხულო ყინვის გარეშე არ ჩაიაროს. ასეთ შემთხვევაში ჩვენი მოსავალი იქნება 0. ამიტომ ჯერჯერობით ნაადრევია ამაზე საუბარი. დანარჩენ ბუნებრივ მოვლენებს ვებრძვით, მაგალითად, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით, საგაზაფხულო ყინვას კი ვერაფერს მოვუხერხებთ.
იმედი გვაქვს, რომ შეიძლება გასულ წელთან შედარებით მეტი მოსავალი მივიღოთ. 1354 ტონა გვქონდა შარშან, რომელიც სრულად ადგილობრივ ბაზარზე გავყიდეთ, თუმცა კიდევ გვაქვს სამაცივრე საცავში“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, 2019 წელს ტირიფონის ბაღებში სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა დაიწყო და დღეისათვის 1000 ტონა ვაშლის შენახვის შესაძლებლობის მქონე სამაცივრე საცავი აქვს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე დამხარისხებელი ხაზით, რომელიც ასევე ბაზისბანკის და USAID-ის მხარდაჭერით შეიძინა.