მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გორში სპორტული სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა, ინვესტიცია ₾0.5 მილიონია

62dbd6c2b548a
ნინო ჩიბჩიური
23.07.22 22:30
1142
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ გორში პირველი რეგიონალური ფილიალი გახსნა. სპორტული სარეაბილიტაციო ცენტრი სასტუმრო "ვიქტორიას" ბაზაზე იფუნქციონირებს, რისთვისაც ა(ა)იპ რაიდმედი საწყის ეტაპზე ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

"გორი არის სპორტული ქალაქი და მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის სერვისების დეცენტრალიზაცია თბილისისგან და ადგილზე შეძლონ სერვისის მიღება. აქ ძალიან უყვართ განსაკუთრებით საჭიდაო სახეობები; ქალაქს ჰყავს საფეხბურთო გუნდები და აკადემიები, ამიტომ მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ადგილზე ჰქონდეს საჭირო და მაღალხარისხიანი სერვისის მიღების საშუალება - სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით ეს პროცესი გორიდან დავიწყეთ.

თანხები გათვალისწინებულია როგორც ცენტრის აღჭურვაზე, ისე უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტების მოწვევაზე, რომლებიც იმუშავებენ როგორც სპორტსმენებთან, ისე სხვა მოვარჯიშე ადამიანებთან, ბავშვებთან და მაღალი მიღწევების სპორტსმენებთანლ ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ადგილობრივი კადრების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, ამ ნაწილში ჩვენი წარმომადგენლობაც აქტიურადაა ჩართული", - აღნიშნავენ სპორტული მედიცინის ასოციაციაში.

სარეაბილიტაციო ცენტრში მუდმივად 10 თანამშრომელი იმუშავებს, რომლებიც პერიოდულად როტაციის პრინციპით ჩანაცვლდებიან. სპორტული გუნდები სასტუმრო "ვიქტორიაში" განთავსდებიან, რომლებსაც ადგილზე ნუტრიციოლოგის მომსახურებასაც შესთავაზებენ.

"მხოლოდ სპორტსკოლები და კლუბები აერთიანებენ 4000-მდე მოზარდს და გარდა ამისა, არიან მაღალი მიღწევების სპორტსმენები. დაგეგმილია სპორტში მოვარჯიშე ბავშვთა პირველადი სამედიცინო შემოწმებები (ე.წ. check up-ები).

სპორტული მედიცინის ასოციაცია, რაიდმედთან ერთად, აქტიურად იმუშავებს, რომ ყველა დაგეგმილი აქტივობა და მიზანი იყოს განხორციელებული ეტაპობრივად და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გორს გამოაცოცხლებს და ჩვენი მუშაობა იქნება ეფექტიანი" , - აცხადებს BMG-სთან ააიპ "რაიდმედის" და ამ პროექტის ხელმძღვანელი ნინო პავლიაშვილი.

როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, მაღალი მიღწევების სპორტსმენების რეაბილიტაციას საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია უზრუნველყოფს, ხოლო ბავშვების პირველადi შემოწმებისთვის სიმბოლური თანხის გადახდა დაწესდება. მომსახურება მოიცავს ექიმის კონსულტაციას, სისხლის ანალიზს, შაქრის განსაზღვრას სისხლში, ექოსკოპიას, ნუტრიციოლოგის კონსულტაციას, სპირომეტრიას და ა.შ.

ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის წარმომადგენლები გორის მერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილსაც შევხდნენ და საკუთარი მიზნებიც გააცნეს. პროექტის ავტორები მსგავსი ცენტრების გახსნას სხვა რეგიონებშიც გეგმავენ. მანამდე კი "რაიდმედი" სექტემბერში სპორტული კვირეულის მოწყობას გეგმავს, რომელიც გააერთიანებს - სპორტული ფილმების ფესტივალს, სპორტ-ფოტოს გამოფენას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, შეხვედრას სპორტსმენებთან, ანტიდოპინგურ კამპანიას, სამედიცინო სემინარებს და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები