მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GREDA ენრგეტიკის დარგისთვის რეპრეზენტატული არაა. სამწუხაროდ, პოლიტიკურად არა ნეიტრალურია - დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

GREDA-ს წევრმა კომპანიებმა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროსთან დიალოგი დეკემბრის დასაწყისში მოითხოვე და წერილიც მისწერეს, თუმცა რამდენადაც ცნობილია, შეხვედრა არ შემდგარა. ახლა კი, "ქართული ოცნების" მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ GREDA არ არის დარგისთვის რეპრეზენტატული და სამწუხაროდ, პოლიტიკურად არა ნეიტრალურია.

bm.ge-ის მთავარი რედაქტორის, თელარა გელანტიამ ჰკითხა: GREDA-მ რომ წერილი მოგწერათ, შეხვდით?

"GREDA არ არის დარგის რეპრეზენტატული. ბევრი მსხვილი კომპანიაა რეპრეზენტატული. "გრედასთან" მე მაქვს ყოველდღიური კავშირი. მათთან ჩვენ ვმუშაობდით არაერთ საკითხზე, პოლიტიკის გაუმჯობესებაზე, ინიციატივების ჩამოყალიბებაზე და ა.შ.

სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, GREDA უფრო მეტად პოლიტიკურად არა ნეიტრალური ორგანიზაცია აღმოჩნდა", - განაცხადა დავითაშვილმა.

"ოცნების" მთავრობის ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ბულინგის გამო, მათ შორის საერთაშორისო კომპანიები საჯარო კომუნიკაციისგან თავს იკავებენ.

"სამწუხაროდ, დღეს საზოგადოებაში ბულინგი იმდენად მიდის, რომ კომპანიებიც კი თავს იკავებენ გარკვეული საჯარო კომუნიკაციისგან - მათ შორის, საერთაშორისო კომპანიები - ვითარებიდან გამომდინარე. იმედი მაქვს, ეს მალე გადაივლის, რადგან ეს აბსოლუტურად არასწორი და არაკორექტულია [...]

[კომპანიები] ინვესტიციებზე მუშაობენ, პროცესი გრძელდება და საინვესტიციო პროექტების განხორციელება მიდის, მაგრამ ამ ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეულწილად, ეს მათთვის უხერხულობებს ქმნის. ენერგეტიკის სექტორში 200-300 მილიონ დოლარიანი საერთაშორისო ინვესტიციებია, რომელიც შეუფერხებლად ხორციელდება - და დღეს ამ კომპანიებს საჯარო კომუნიკაცია ეუხერხულებათ და ამის აფიშირება არ სურთ - იქიდან გამომდინარე, რაც არასწორი პროცესებიდან გამომდინარე შეიქმნა. კერძოდ, ბულინგი, რაზედაც მე გესაუბრეთ. როცა ოპოზიცია ბიზნესს საბოჟატისკენ, თავისი საქმიანობის შეჩერებისა და ეკონომიკური აქტივობების გაჩერებისკენ მოუწოდებს, ამ შემთხვევაში, საერთაშორისო ინვესტორები კიდევ უფრო მეტად ფაქიზად და ფრთხილად იქცევიან, ვიდრე ადგილობრივი ინვესტორები". - თქვა დავითაშვილმა.

"ველოდებით პასუხს" - GREDA-ს წევრმა კომპანიებმა ეკონომიკის სამინისტროსთან დიალოგი ითხოვეს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები