GREDA-ს ინიციატივა კარგია, თუმცა კანონმდებლობასთან შეუსაბამობებია, გარკვეული უხერხულობები, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა BMG-ის მიერ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
„საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” კანონპროექტი განახლებადი ენერგიის სადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის მნიშვნელოვანი წილის ადგილობრივ თემებში გადანაწილებას ითვალისწინებს, რაზეც გაერთიანება მთავრობასთან 2 წელია მუშაობს.
ეკონომიკის მინისტრი "გრედას“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს კარგ ინიციატივად აფასებს და ამბობს ამ კანონპროექტს გარკვეული ცვლილებები ახლავს.
"აღებულია საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითები, თუმცა არის გარკვეული უხერხულობები, ჩვენს კანონმდებლობასთან შეუსაბამობები, რაც ჩვენ გავიარეთ. ამიტომ იმ პრინციპებს ალბათ ჩვენ გამოვიყენებთ და ეს დაეხმარება ინვესტორებს, რომ პროექტები უფრო ნაკლები პრობლემებით და შეფერხებებით განახორციელონ, თუმცა ეს ალბათ უფრო მუნიციპალიტეტის მხრიდან დასმული შეთანხმებები და მემორანდუმები ცენტრალურ ხელისუფლებას და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის იქნება. სავარაუდოდ, ასე იქნება, ყოველ შემთხვევაში, დღეს ასეთი ვერსია განიხილება შიდა სამუშაო ჯგუფში. მიმდინარე თვეშიც გვაქვს მუნიციპალიტეტებთან შეხვედრა ამ პრინციპების ცხოვრებაში გატარებასთან დაკავშირებით. მომავალი წლის დასაწყისში ჩვენ გვექნება ისეთი ტიპის შეთანხმებები, რომელიც წაახალისებს ინვესტორებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
“GREDA-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ინვესტორის მიერ ბიუჯეტში ქონების და მიწის გადასახადის სახით გადასახდელი თანხის გარკვეული ნაწილის უშუალოდ პროექტის/გენერაციის ობიექტის ზემოქმედების არეალში დატოვებას და იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან შეთანხმებით, მათი საჭიროებების შესაბამისად განკარგვას“, - განაცხადა GREDA-ს აფილირებულმა ექსპერტმა მაკა ფარცვანიამ BMG-ის გადაცემაში “წერტილში”.