გუდაურში რაც ხდება...ამ დაზიანებული იმიჯის აღდგენას წლები ვერ შევძლებთ, - ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში „მთის კურორტების ბიზნესასოციაციის“ თანადამფუძნებელი მირანდა ესაკია განაცხადა. მისი შეფასებით, გუდაურში ბოლო წლებში დაგროვილმა პრობლემებმა კურორტის იმიჯს სერიოზული ზიანი მიაყენა და ტურისტული სეგმენტის ცვლილებაც სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა.
ესაკია განმარტავს, რომ გუდაურში მიმდინარე მოვლენები ერთჯერადი კრიზისი არ არის და სხვადასხვა წლებში სხვადასხვა ტიპის პრობლემები სისტემურად მეორდება, რაც საბოლოოდ კურორტის რეპუტაციაზე ნეგატიურად აისახება.
„ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება - წინა წლებში სხვა პრობლემა იყო, იმის წინ უწყლობა იყო, იმის წინ ბუნტი იყო და ტურისტებს სცემდნენ. ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს გუდაურის რეპუტაციას. 21-ე საუკუნეა და ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება. დღეს რაც ხდება, ეს აბსოლუტური კოშმარია. ამ დაზიანებული იმიჯის აღდგენას, ჩემი აზრით, წლები ვერ შევძლებთ“, - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ თანამედროვე ტურისტს უკვე შეცვლილი მოლოდინი აქვს და მხოლოდ ბუნებრივი ლანდშაფტი საკმარისი აღარ არის : „ტურისტი აქ მარტო ჩვენი ლამაზი მთის სანახავად არ ჩამოდის, მინიმალური კომფორტი უნდა ჰქონდეს“.
ბიზნესასოციაციის თანადამფუძნებელი ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებით დაზარალდა მაღალმხარჯველიანი ტურისტების სეგმენტი, რომლისთვისაც გადამწყვეტია კომფორტი, უსაფრთხოება და დროის ეფექტიანი გამოყენება.
„მაღალმხარჯველიან ტურისტს უნდა, რომ სასტუმროდან საბაგირომდე გადაადგილდეს ნორმალურად, 5-6 საათი არ იდგეს რიგში და ჰქონდეს სასწრაფო დახმარების იმედი. როცა ეს მინიმალური პირობები არ ხვდებათ, ვიღებთ იმას, რაც დღეს გვაქვს.
ბიზნესის ენაზე რომ ვთქვათ, დღეს გვყავს დაბალმხარჯველიანი ტურისტი აზიის ქვეყნებიდან და არა ევროპელი მაღალმხარჯველიანი ტურისტები. ეს არის ზუსტად იმ უყურადღებობის და ცუდი პოლიტიკის შედეგი, რასაც წლებია გუდაურში ახორციელებენ“, - ამბობს მირანდა ესაკია.
განსაკუთრებულ რისკად ის უსაფრთხოების საკითხებს ასახელებს და მაგალითად ბურანების უკონტროლო გადაადგილება მოჰყავს.
„ყოველ წუთს ვიძახი, რომ გამოყონ ბურანებისთვის ცალკე პარკი. არ შეიძლება ბურანების სათხილამურო ტრასაზე გიჟივით სიარული - შეიძლება ფატალური შედეგი დადგეს და ეს საბოლოოდ საერთოდ დაგვასვამს წერტილს იმიჯზე“, - აღნიშნავს ესაკია.
მისი თქმით, ბიზნესასოციაცია პრობლემებს წინასწარ პროგნოზირებს და შესაბამის რეკომენდაციებსაც გასცემს, თუმცა რეალური უკუკავშირი არ არსებობს : „წინასწარვე ვახმაურებთ ყველაფერს, მაგრამ არ ვიცი, არ გვისმენენ თუ მტრები ვგონივართ“, - აცხადებს „მთის კურორტების ბიზნესასოციაციის“ თანადამფუძნებელი.




























