მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გუდაურში მიწა გამოჩნდა...“ - რატომ არ/ვერ გათოვლიანდა ბაკურიანის და გუდაურის ტრასები?

61e04b8a6d984
ინგა მურუსიძე
13.01.22 19:25
7126
საქართველოს ზამთრის ორ კურორტზე - გუდაურსა და ბაკურიანში თოვლის დეფიციტია, რის გამოც სასრიალო ტრასები გამართული არაა. ბუნებრივია, რომ ეს დამსვენებლების უკმაყოფილებას იწვევს.

Bm.ge დაინტერესდა, რატომ ვერ ხერხდება კურორტების ხელოვნური გათოვლიანება.

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განმარტავენ, რომ ხელოვნური გათოვლიანების აპარატები ბაკურიანში თითქმის მუდმივ რეჟიმში მუშაობს, თუმცა შესაბამისი ტემპერატურის არარსებობის გამო (-5 ან -6 გრადუსი), ტექნიკა ტრასის ტკეპნას ვერ ასწრებს, შესაბამისად, ტრასებიც გამართულად არ ფუნქციონირებს.

უკმაყოფილო დამსვენებლების და მოქალაქეების კრიტიკას სოციალურ ქსელში უპასუხა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ირაკლი ჭირაქაძემაც.

„ხელოვნური გათოვლიანების სისტემას სჭირდება მინიმუმ 5 დღე, რომ ტრასა საკმარისი რაოდენობის თოვლით დაიფაროს და შემდეგ კიდევ 2-3 დღე, რომ ტექნიკამ სათანადოდ მოამზადოს. სამწუხაროდ, სეზონის დაწყებამდე არ გვქონდა საჭირო კლიმატური პირობები, რომ ტრასები მოგვემზადებინა... თბილოდა... ახლა ყოველღამე მუშაობს, თუ სათანადო ყინვაა, მაგრამ დილამდე საკმარისად ვერ ვყრით, ტექნიკამაც უნდა მოასწროს ტკეპნა. მერწმუნეთ, მუშაობა არავის ეზარება, და მთელი პერსონალი ღამეებს ათენებს. ჩვენი შემოსავალიც სეზონზეა დამოკიდებული“, - ირწმუნება ირაკლი ჭირაქაძე.

თავის მხრივ, ბაკურიანში მყოფი დამსვენებლები bm.ge-ს უყვებიან, რომ კურორტზე მუშაობას კერძო საბაგირო და კერძო ტრასა ახერხებს, ამიტომ გაუგებარია რატომ ვერ ხერხდება მთის კურორტების მართვის კომპანიის მფლობელობაში არსებული ტრასების გათოვლიანება.

„ჩვენ ვართ სახელმწიფო კომპანია და ვალდებულები ვართ, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დავიცვათ, მთაზე საკმარისი თოვლი არ არის, შესაბამისად, ტრასის გახსნა შეუძლებელი იყო“, - ასეთი პასუხი აქვთ თავის მხრივ მთის კურორტების კომპანიაში.

თოვლის დეფიციტია და შესაბამისად, სასრიალო ტრასები სრულად გამართული არაა, გუდაურშიც, თუმცა როგორც სახელმწიფო კომპანიაში განმარტავენ, 70 კმ-იანი ტრასიდან 5 კმ გათოვლიანებულია და მოთხილამურეები უპრობლემოდ სრიალებენ. 

სასრიალო ტრასები რომ გამართული არაა, ამაზე bm.ge-სთან კერძო სექტორის, კერძოდ, სასტუმროების წარმომადგენლებიც საუბრობენ და ხელოვნური გათოვლიანების სისტემის აუცილებელ გამართულ მუშაობას უსვამენ ხაზს, თუმცა მათაც იდენტური ინფორმაცია აქვთ - რადგან საკმარისად ცივი ტემპერატურა არაა, ტრასების ცელოვნური გათოვლიანება ვერ ხერხდება.

მაია მურაჩაშვილი: „დაახლოებით, 1 კვირის წინ გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილთან და მაშინ გვითხრა, რომ ბაკურიანში საჭიროა -5, -6 გრადუსი ტემპერატურა, რათა ტრასებზე თოვლის შენარჩუნება მოხდეს, ეს ტემპერატურა კი ახლა არ არისო. რამდენიმე დღე მოვიცადეთ, მაგრამ გუდაურში ასეთი ტემპერატურა ნამდვილად არის ყოველღამე. გარდა ამისა, სხვა ქვეყნების პრაქტიკაც ხომ შეუძლიათ გაითვალისწინონ?! როცა თოვს, ხელოვნურ გათოვლიანებასაც ამატებენ და როგორც არ უნდა დადნეს ის, ბუნებრივი თოვლის საფარი ყოველთვის რჩება. საქართველოში კი ეს არ ხდება. ახლა უკვე, გუდაურში მიწა გამოჩნდა. გუდაურში გვქონდა შემთხვევა, როცა სტუმრები ჩამოვიდნენ უძვირესი თხილამურებით, ხან ქვას წამოედნენ და ხან ტალახს, თხილამურები დაამტვრიეს და გაბრაზებულებმა სასტუმროს დაუწერეს ცუდი რეკომენდაციები.

საბოლოოდ, ასე ილახება ზამთრის კურორტების იმიჯი. ტრასების პრობლემა დგას როგორც ბაკურიანში, ისე გუდაურში. გუდაურში ყოველღამე -5 გრადუსზე ქვემოთ არის ტემპერატურა. მერე როგორც მითხრეს, რამდენიმე დღე სჭირდება გათოვლიანებას, თუმცა პრობლემა როგორ უნდა მოგვარდეს, ამაზე კერძო სექტორი ვერ ვიფიქრებთ“.

ერეკლე კოკაია: რამდენად დამაჯერებელია მთის კურორტების განვითარების კომპანიის არგუმენტი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, მთელი ზამთრის განმავლობაში ბაკურიანში კერძო საბაგირო მუშაობდა შეფერხების გარეშე. რაც იმას ნიშნავს, რომ მარტო ამინდიც ბრალიც ვერ იქნებოდა. არ ვიცი, რა უნდა უნდა გაეკეთებინათ და რა არა, მაგრამ ჩემთვის გასაკვირია რატომ მუშაობენ კერძო საბაგიროები და სახელმწიფოები - არა. მთის კურორტების კომპანიასთან კომუნიკაცია გვქონდა და გვითხრეს, რომ ელოდებიან შესაბამის ტემპერატურას, რომ პრობლემა მოგვარდეს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები