„გუდვილის“ გენერალური დირექტორი გიორგი ხაბაშვილი ამბობს, რომ სექტორში კონკურენცია ძალიან მაღალია, რაც მათ მიერ მომხმარებლებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზების მოტივაციაა. მან ამის შესახებ "ფასების საპარლამენტო კომისიაზე" განაცხადა, სადაც დღეს, საცალო ქსელების ოპერატორებს უსმენენ.
"რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ჩვენს სექტორში კონკურენციის ხარისხი არის ძალიან მაღალი, საქართველოს კანონმდებლობა იძლევა სრულ თავისუფლებას, რომ მაღალი იყოს დღეს კონკურენცია და ეს კონკურენცია სახელმწიფოს მხრიდან საკანონმდებლო და ყველა დონეზე მაქსიმალურადაა მხარდაჭერილი. ასე რომ, ჩვენს სექტორში კონკურენცია არის სუპერ მაღალი. სწორედ ამიტომაც არის რომ ქსელები ცდილობენ რაც შეიძლება საუკეთესო შეთავაზება გააკეთონ მომხმარებლისთვის, ზოგი ამას ახერხებს ფასის კუთხით, ზოგი ფასის და მომსახურების კუთხით და ა.შ.",- აღნიშნა მან.
გიორგი ხაბაშვილმა ისაუბრა ქეშბექების საკითხზე და აღნიშნა, რომ "გუდვილის" შემთხვევაში წლების მანძილზე პროდუქტების ფასის მატება დაკავშირებული არ ყოფილა რეტრო ბონუსის ზრდასთან.
"ჩვენ ბაზარზე პირველები ვართ, 2002 წლის ბოლოდან, 2003 წლიდან "გუდვილი" პირველი იყო, რომელმაც ჰიპერმარკეტი გახსნა საქართველოს ბაზარზე და მას შემდეგ აქტიურად ვცდილობთ, მომხმარებლისთვის საუკეთესო სერვისი და პროდუქტი შევქმნათ. დავიწყებ რეტრო ბონუსის საკითხიდან, უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს არის ფასნამატის ნაწილი, რომელიც გამოყენებულია ფასდაკლებებში, აქციებში, მაგრამ ასევე საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად, ანუ ეს არის ჩვეულებრივი მარჟის ნაწილში. დისტრიბუტორებს ქსელებისთვის აქვთ ერთი საინვოისო ფასი. სინამდვილეში შემდგომ უკვე ფასდაკლების მასშტაბს ამ თუ იმ ქსელთან არეგულირებს "რეტრო ბონუსით", ზოგ შემთხვევაში 7% შეიძლება იყოს, ზოგში 10%, 15%.
ბევრმა მომწოდებელმა თქვა, რომ თურმე ფასს იმიტომ ზრდიან, რომ "რეტრო ბონუსი" ეზრდებათ. "გუდვილის" შემთხვევაში სიმართლეს არ შეესაბამება თითქოს წლების მანძილზე მიმდინარე ფასის მატება დაკავშირებული იყო რეტრო ბონუსის ზრდასთან. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, რომ 2018 წლიდან რეტრო ბონუსი უცვლელი აქვს მომწოდებელს და მან დღემდე პროდუქტი გააძვირა 75%-ით. არ ვამბობ, რომ ეს გაძვირება ობიექტური არ იყო, უბრალოდ ვამბობ, რომ "რეტრო ბონუსების" და ფასების ზრდა კავშირში არაა, ყოველ შემთხვევაში "გუდვილში". "რეტრო ბონუსი" ჯამური მარჟის ნაწილია და თუ რეტრო ბონუსი ასახული იქნება მოსაწოდებელი ფასის დაკლებაში, ეს საბოლოო შედეგს არ იძლევა.
ასევე რაც აღინიშნა, რომ პრობლემა არის დანაკარგები, ანუ დანაკლისი, რომ პროდუქტი აღწერის შედეგად აღმოჩნდება, რომ უნდა იყოს 10 და სინამდვილეში არის 9, ჩვენს შემთხვევაში ეს "გუდვილს" აწვება, როგორც ხარჯი და მომწოდებელი ამას არ იღებს თავის თავზე.
მე მიმაჩნია, რომ რახან ამ თუ იმ მომწოდებელთან ვთანამშრომლობთ, ეს ნიშნავს, რომ ბიზნესის ლოგიკაში ზის ჩვენი თანამშრომლობა. მე ვპასუხობ, რაც იყო [კომისიაზე] ნათქვამი. მაგალითად "გუდვილი" ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საიჯარო ქირის გადამხდელები ვართ, მაგრამ ეს ჩვენი გაცნობიერებული არჩევანია, რომ ვიყოთ პრემიალურ ადგილებში წარმოდგენილი. იმიტომ, რომ ქონების მესაკუთრე პრემიალურ უძრავ ქონებაში ძვირ საიჯარო ფასს მეუბნება მე არ მიმაჩნია სწორად, რომ წავიდე სახელმწიფო ან აღმასრულებელ ორგანოში და ვუთხრა, რომ ქონების მესაკუთრეს ჩაუკეტე იჯარის ფასის ზედა ზღვარი", - ამბობს „გუდვილის“ გენერალური დირექტორი.




























