მას შემდეგ, რაც ქართველმა მორაგბეებმა სოციალურ ქსელში კრიტიკული პოსტები გამოაქვეყნეს რუსული კანონისა და საპროტესტო აქციის დარბევის შესახებ, განცხადება გაავრცელა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ.
ტყემალაძის განცხადების მიხედვით, გამოხატული ღია პოზიცია ზეწოლის შედეგია.
"მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვეცადე არ დამეფიქსირებინა რაიმე პოზიცია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, დავდექით იმ სამწუხარო ფაქტის წინაშე, რომ მიმდინარეობს ჩვენს მორაგბეებზე და განსაკუთრებით ეროვნული ნაკრების მოთამაშეებზე, ისევე როგორც სხვა სპორტებზე, სერიოზული ზეწოლა. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას, შეწყვიტონ ეს ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება აკეთონ თავიანთი საქმე. იგივეს მოვუწოდებ მორაგბეებსაც, რომ აკეთონ თავიანთი პროფესიული და საყვარელი საქმე, თავისი შრომით და თავდადებით დადონ თითო აგური ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის, კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გვასახელონ სხვადასხვა ჩემპიონატებზე თუ ტურნირებზე, რაც შეიძლება ბევრ ქვეყანაში აგვეწიოს საქართველოს დროშა ამაყად.
ნუ დავივიწყებთ იმ პასუხისმგებლობას და მნიშვნელობას, რაც ეროვნული ნაკრების კვართის ტარებაა. მით უმეტეს ბიჭებს წინ მნიშვნელოვანი თამაში ელით 3 მაისს "ლესტერ თაიგერსთან", რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია იმისაკენ, რომ ზუსტად იმ დიდი ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ როგორიც არის „ექვსი ერი“-ს ტურნირი, ევროპის პროფესიონალური სარაგბო კლუბების ჩემპიონატი და ა.შ." - დაწერა ტყემალაძემ.
ტყემალაძე ამბობს, რომ ნაკრების მიერ "რუსულ კანონთან" დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებებმა შეიძლება ნაკრებში დაპირისპირება გამოიწვიოს.
"ასევე, გუნდის წევრების მიერ გაკეთებულმა სხვადასხვა ხმამაღალმა განცხადებებმა შეიძლება გამოიწვიოს განხეთქილება და დაპირისპირება ნაკრებში, რაც სრულიად დაუშვებელია და დამაზიანებელია იმ მიმართულებისთვის და მიზნისთვის, რისკენაც პატარ-პატარა თუ დიდი ნაბიჯებით, მაგრამ წინ და შეუპოვრად მიიწევს საქართველოს რაგბის კავშირი ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებთან ერთად. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა აუცილებლად უნდა ითამაშოს ევროპულ ლიგებზე და ტურნირებზე, ამისათვის კი საჭიროა ერთიანობა და გუნდურობა.
გარდა ამისა, მინდა ყველას შევახსენო, რომ არა „ფონდი ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი დღეს არ ექნებოდათ ბიჭებს ის ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები რაც გააჩნიათ, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა იმ შედეგების მიღწევა, რაც გაგვაჩნია. ასევე მთავრობის ხელშეწყობით და მხარდაჭერით არის, რომ დღეს საშუალება გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ მნიშვნელოვან ევროპულ ტურნირებში და ჩვენს ბიჭებს ჰქონდეთ ღირსეული პირობები ამისთვის. ეს მხარდაჭერა გვაძლევს სიმტკიცეს, რომ კიდევ უფრო მეტი ამბიცია გავიჩინოთ და კიდევ უფრო მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებში ჩავერთოთ და მივიღოთ მონაწილეობა, რათა ქართული დროშა მსოფლიოს სარაგბო ქვეყნების არენებზე ფრიალებდეს.
მშვიდობა ჩვენს ქვეყანას! და გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!", - წერია რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ იოსებ ტყემალაძის განცხადებაში.