მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"[გუშინდელი] გაფიცვა საქართველოში პირველი იყო, რომელსაც სიმბოლური ხასიათი ჰქონდა" - ირაკლი ჟვანია

ირაკლი

15 იანვარს ათობით კომპანიის თანამშრომლების გამაფრთხილებელ გაფიცვას და პროტესტის ამ ფორმის გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე "ქუდოს ჯორჯიას" პარტნიორი და ეკონომისტი, ირაკლი ჟვანია აფასებს. მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაფიცვამ სიმბოლური ხასიათი შეიძინა.

"გაფიცვა, ამ შემთხვევაში, უნდა მივიჩნიოთ მოქალაქეების მიერ თავისუფალი ნების გამოხატვად. ამით ისინი თავიანთ სათქმელს ამბობენ, რაც სურთ, რომ მიიტანონ იმ ადამიანებამდე, ვინც ხალხს უნდა უსმენდეს. ასეთი ორგანიზებული გაფიცვა ბოლო პერიოდში, არ მახსენდება, დღეს ასეთი პირველი იყო, რომელსაც აქვს სიმბოლური ხასიათი. არის ბიზნესები და ორგანიზაციები, რომელთა სრული გაფიცვაც ვერ მოხდება, მათი შინაარსიდან გამომდინარე, თუმცა ეს უფრო მეტად სიმბოლური აქტია იმისთვის, რომ ადამიანებმა სათქმელის სხვადასხვა ფორმით გამოხატვას, ეს ფორმაც დაუმატონ", - ამბობს "ქუდოს ჯორჯიას" პარტნიორი "ანალიტიკას" ეთერში.

ირაკლი ჟვანიას თქმით, ის ფაქტი, რომ საყოველთაო გაფიცვა არ იყო ცალკეული კომპანიების ერთპიროვნული გადაწყვეტილება, არამედ, დასაქმებული ადამიანების ინდივიდუალური სურვილი, ნიშნავს, რომ საკუთარი გზავნილების გაჟღერება ბევრ ადამიანს სურს.

"კომპანია, პირველ რიგში, დასაქმებული ადამიანებია. ისინი თვითონ გადაწყვეტენ, პროტესტის რომელ ფორმას შეუერთდებიან, იქნება ეს გაფიცვა თუ საპროტესტო აქცია. მთავარი ისაა, რომ ამ კომპანიების შიგნით არ ხდება მხოლოდ ერთი, ორი ან რამდენიმე ადამიანის გადაწყვეტილებით გაფიცვა და ეს არის ადამიანების საერთო გამოხატულება. ნებისმიერი თავისუფალი გამოხატულების ნება, იქნება ეს ბიზნესიდან თუ ამ ბიზნესში დასაქმებული ადამიანებისგან წამოსული - მისასალმებელია", - განაცხადა ჟვანიამ.

კითხვაზე, რა გავლენა შეიძლება იქონიოს სიმბოლურმა გაფიცვამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ირაკლი ჟვანია აღნიშნავს, რომ წინასწარ განსაზღვრა რთულია: "ძალიან გამიჭირდება ვთქვა, რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს, რადგან ეს არის ახალი ფორმა იმ სათქმელის გამოსახატავად, რაც პროტესტის მონაწილეებს აქვთ".

შეგახსენებთ, 15 იანვარს, 15:00 საათიდან, 3 საათით სხვადასხვა სფეროსა და ინდუსტრიის წარმომადგენლები გაიფიცნენ. გაფიცულებმა დატოვეს სამუშაო სივრცეები და საპროტესტო ბანერებითა და წარწერებით ქუჩებში გამოვიდნენ. გაფიცულთა მოთხოვნა აქციების დროს დაპატიმრებულთა გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები