გვაქვს პრეტენზია, რომ ტურისტული ქვეყანა ვართ, ეს კი ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოება კიდევ უფრო უკეთესად უნდა იყოს დაცული და ყველანაირი ინფრასტრუქტურული ზომები იყოს მიღებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მან 29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ეკიპაჟის წევრები, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის, მედლით ,,სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა.
სიტყვით გამოსვლისას კი მაშველთა კორპუსის თავდადებას და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაშველთა კორპუსი, მათი აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გამართული უნდა იყოს, რომ ყველა რისკებისგან ვიყოთ მაქსიმალურად დაცული“, - თქვა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკვე გეგმაშია ახალი ვერტმფრენების შეძენა და ეს ალბათ, ძალიან საჭირო და ძალიან სწორია.
„იმისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევა აღარ მოხდეს, ალბათ, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. უსაფრთხოება კიდევ უფრო უკეთესად უნდა იყოს დაცული. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ტურისტული ქვეყანა ვართ. ტურიზმი ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოება კიდევ უფრო უკეთესად უნდა იყოს დაცული და ყველანაირი ინფრასტრუქტურული ზომები იყოს მიღებული.
და კიდევ ერთი, დღეს მთელი მსოფლიო ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა, რომელიც კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება და რომელსაც საშინელი ხანძრები, ან წყალდიდობები ახლავს თან. აქაც ჩვენი მაშველები და მფრინავები ყოველდღიურ, გადატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, რომ ჩვენ საზოგადოება უკეთესად ვიყოთ დაცული“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ინფორმაციისთვის, 9 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. განცხადების თანახმად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
შსს-ს ცნობით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.




























