მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვაქვს შესაძლებლობა ავირჩიოთ, რომელ გეოპოლიტიკურ სივრცეში გვინდა ყოფნა - ნიკა მელია

ნიკა მელია

ჩვენს ხელთ არის შესაძლებლობა, თავად ავირჩიოთ, რომელ გეოპოლიტიკურ სივრცეში გვინდა ყოფნა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც მან საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ აღნიშნა, ხალხის მოთხოვნა არის ცვლილებები.

„ეს 47-ე სკოლის შენობაა, რომელშიც მე ვსწავლობდი 1990-იან წლებში, რომელიც არ იყო საუკეთესო წლები ჩვენი თაობისთვის. მინდა, რომ არცერთმა ახალგაზრდამ, ბავშვმა, მომავალი თაობის წარმომადგენელმა არ განიცადოს ის რთული წლები, არასახარბიელო პერიოდი ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც ბევრ თაობას გამოგვივლია.

ჩვენს ხელთ არის შესაძლებლობა, თავად ავირჩიოთ, რომელ გეოპოლიტიკურ სივრცეში გვინდა ყოფნა - რუსულში, სადაც ვიყავით, როცა მე მოსწავლე ვიყავი, თუ დასავლური გეოპოლიტიკური სივრცე, რომელიც გულისხმობს მაღალი ხარისხის განათლებას, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, ეკონომიკას, რომელიც მუშაობს ხალხზე და რომელიც გულისხმობს ბედნიერ სახელმწიფოს, თავისუფალ პედაგოგს, თავისუფალ მოქალაქეს, რომელსაც ვერავინ ვერაფერს დააძალებს, მით უფრო ეს თუ არჩევნებს ეხება.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ამიტომაც შეიქმნა, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ ყველანი გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს ჩვენზეა დამოკიდებული. მე მინდა საქართველოს პასპორტთან ერთად ევროკავშირის პასპორტიც გვქონდეს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ევროპულმა საზოგადოებამ ფართოდ გაგვიღო კარები და ჩვენ ამ ფართოდ გაღებულ კარებში უნდა შევიდეთ.

ამასთან, ნიკა მელიას აზრით, საზოგადოების უდიდეს ნაწილს აღარ სურს „ბიძინა ივანიშვილის ხილვა, როგორც მეფის“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები