მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვაშფოთებს კანონის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა - მეთიუ მილერი "რუსულ კანონზე"

მეთიუ მილერი
04.09.24 00:19
1515

"საქართველოს მთავრობა განაგრძობს ძალიან ღრმად შემაშფოთებელი მიმართულებით მოძრაობას. იმ მიმართულებით, რაც ქვეყანას აშორებს იმ ევრო-ატლანტიკურ ტრაექტორიას, რომელიც ვიცით, რომ ქართველ ხალხს ასე ძალიან სურს", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე.

მან ასევე თქვა, რომ შემაშფოთებელია ე.წ რუსული კანონის აღსრულება, იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც რეესტრში ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდნენ.

მეთიუ მილერის შესაბამის თარგმანს "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

"ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონმდებლობის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა, მათ შორის - კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი.

ორმხრივი ურთიერთობების მრავალმხრივი გადახედვის ფარგლებში, როგორც იცით, ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მათ შორის - პარტია "ქართული ოცნების" წევრების, პარლამენტარების, სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლებისა და სხვა ინდივიდუალური პირებისთვის. ჩვენ შევაჩერეთ $95 მილიონის ოდენობის დახმარება, რომლითაც პირდაპირ სარგებლობდა საქართველოს მთავრობა", - განმარტავს მილერი.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება და ის დამატებით ნაბიჯებს "არ გამორიცხავს".

ცნობისთვის: იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ რეესტრში, სადაც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა, ნებაყოფლობით 476 ორგანიზაცია დარეგისტრირდა. ვადის ამოწურვის დღიდან, იუსტიციის სამინისტროს ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტს უფლება აქვს, შეამოწმოს და დააჯარიმოს ყველა ის ორგანიზაცია, რომელმაც რეგისტრაციაზე უარი თქვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები