მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვენეტაძე რაქვიაშვილს: რომელ ნაწილში არ ეთანხმებით აშშ-ს ან EU-ს ანგარიშებს, რომლებიც სებ-ის საქმიანობას დადებითად აფასებენ?

631b3bd5b79ba
BM.GE
09.09.22 16:33
446
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში პარლამენტში წარადგინა და მოხსენების შემდეგ, დეპუტატ ალექსანდრე რაქვიაშვილის კითხვების საპასუხოდ განაცხადა:

„ბატონო სანდრო, ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე თქვენს გამოსვლებში მუდმივად ისმის ეროვნული ბანკის მიმართ დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებები. ეს არის ცილისმწამებლური თავდასხმა ეროვნულ ბანკზე საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ თქვენი მსოფლმხედველობა სრულ წინააღმდეგობაშია მომხმარებელთა უფლებების დაცვის ცნებასთან. მერწმუნეთ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამ თემაზე ძალიან ბევრს ვიმუშავებთ.

ტყუით, როდესაც ამბობთ, რომ თქვენ გსურთ საქართველო ისეთი ქვეყანა იყოს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ან ევროპის ქვეყნებია, რადგანაც, თქვენ არც ამ ქვეყნებს, არც მათ ინსტიტუტებს, არც მათი ინსტიტუტების ჩვენს მიმართ დადებით შეფასებებს სცემთ პატივს.

ყველაზე მეტად კი თქვენი “ვითომ” ამერიკისკენ მისწრაფებები მას შემდეგ გამოჩნდა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა და ზოგადად ეროვნული ბანკის საქმიანობა დადებითად შეაფასა. უფრო ზუსტად კი, ამ ანგარიშის მიხედვით: "საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები მოქმედებენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად კონტროლდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს". ამის შემდეგ თქვენმა დიდმა აღშფოთებამ არ დააყოვნა და თითქმის მყისიერად განაცხადეთ, რომ: „ეროვნულ ბანკს აქვს ჩაკეტილი ბაზარი და ახალ მოთამაშეს არ უშვებს. აგერ, VTB ისე გააკოტრეს, ვერავინ ვერაფერი ვერ იგრძნო. გადაინაწილა ბაზისბანკმა და ლიბერთიმ და გაქრა ბანკი. რაღაც საბაბი ჰქონდათ, როგორც სანქცირებული ბანკი შეეძლოთ გაეყიდათ თავიდანვე, ახლა რაღა დარჩა იმ ბანკისგან“. ეს დროში დამთხვევა, რბილად რომ ვთქვათ, მეტად საეჭვოა. რაც შეეხება ფაქტებს და რეალურ სიტუაციას - რა თქმა უნდა, აქაც ტყუით, ბატონო სანდრო.

VTB არის სანქცირებული ბანკი და ის არ გაკოტრებულა, დღესაც მოქმედი, მაღალ კაპიტალიზებული ლიცენზირებული ბანკია და საერთაშორისო სანქციებისა და შეზღუდვებისა ფარგლებში აგრძელებს საქმიანობას. როგორც კი დაწესდა სანქციები და საფრთხე შეექმნა დეპოზიტარების თანხებს, დაუყოვნებლივ მოიძებნა ისეთი გადაწყვეტილება, რომ დეპოზიტარების თანხები უსაფრთხოდ გადასულიყო სხვა ბანკებში. თანაც ისე, რომ ბაზარზე კონცენტრაცია არ გაზრდილა და გადანაწილება საშუალო ბანკებში მოხდა. ამასთან, VTB ბანკის ირგვლივ არსებულ პროცესებთან დაკავშირებით, მუდმივად ვაწვდიდით საზოგადოებას ინფორმაციას და არცერთი დეპოზიტარი არ დაზარალებულა. დამატებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბანკთან დაკავშირებული ყველაა შემდგომი პროცესი წარიმართება საერთაშორისო სანქციებისა და ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

რატომ გაქვთ დასავლური, დადებითი შეფასებებისგან ასეთი რადიკალურად განსხვავებული ხედვა და პოზიცია? შეგიძლიათ ახსნათ/დაასაბუთოთ რაში არ ეთანხმებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ან ევროკომისიის ანგარიშებს ეროვნული ბანკის პოლიტიკის შეფასებაში?

რაც შეეხება თქვენ მიერ დაინიცირებულ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს საქართველოს პარლამენტის უფლებაა და მისი გადასაწყვეტია, და თუ ასე მოხდება, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ეროვნული ბანკი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად მოქმედებს და ასევე გავაგრძელებთ მუშაობას. თუმცა, კომისიის გარეშეც ძალიან ნათელია ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობა. თუკი რომელიმე პოლიტიკოსი ეჭვქვეშ აყენებს და უნდობლობას უცხადებს ევროკომისიის და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნებს, ეს უფრო მისი პროფესიონალური და პოლიტიკური კომპეტენციის მანიშნებელია, ვიდრე ეროვნული ბანკის შეცდომის“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.