"გვექნება [ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების] დიდი გამოშვება, სადაც საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებს მოვიწვევთ", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 500-მილიონიანი ევრობონდის წარმატებულ რეფინანსირებაზე საუბარს მოაყოლა, რომელიც საქართველოს მთავრობამ გასულ თვეს განახორციელა.
მისი თქმით, ბევრმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი, ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვების დროს მიიღოს მონაწილეობა.
"ვგეგმავთ, რომ წელს გვექნება დიდი აუქციონი, სადაც მოვიწვევთ საფინანსო ორგანიზაციებს, საინვესტიციო კომპანიებს. ამაში ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციები იგულისხმება, რომლის გამოშვება, შედარებით მცირე მასშტაბებით, ყოველკვირეულად ხდება, თუმცა გვექნება დიდი გამოშვებაც, სადაც საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებს მოვიწვევთ.
ძალიან ბევრმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი, უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ანუ სახაზინო ობლიგაციების გამოშვების დროს მიიღოს მონაწილეობა.
გარდა ამისა ჩვენ ვხედავთ არარეზიდენტების აქტივობას, ანუ უცხოური კომპანიების მონაწილეობას ჩვენს ფასიან ქაღალდებში. 100-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიას შევხვდით და არაერთმა დააფიქსირა სურვილი მონაწილეობა მიიღონ ლარში დენომინირებულ ფასიან ქაღალდებში", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, გადაცემა "ბიზნესპარტნიორში".
მისივე თქმით, სამინისტრო მუშაობს საერთაშორისო ბაზრებზეც: "საკმაოდ საინტერესოა აზიის ბაზრები, სადაც შედარებით უფრო ნაკლებია მერყეობები სხვადასხვა ვალუტებთან მიმართებაში. ჩვენ გვექნება აზიის მიმართულებით საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებები".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება ლონდონის საფონდო ბირჟაზე - კუპონის განაკვეთი დაფიქსირდა 5.125% ოდენობით. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე გამოშვებისას დაფიქსირებული კუპონი, ევროობლიგაციების ბაზრისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის, ბოლო 4 წელიწადში.



























