მზარდი ინფლაციისა და სასურსათო პროდუქციის გაძვირების ფონზე, სამომხმარებლო სექტორის მდგომარეობას დამატებით COVID-მაჩვენებლების ზრდა ართულებს. სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს კონკრეტული მექანიზმის შემუშავება ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ისე, რომ არ დაზარალდეს ბიზნესი.
COVID-დადებითობის მაჩვენებლების გათვალისწინებით, პროგნოზებზე საუბრისას, რესტორატორი თინა ვაშაკიძე BMG-ის ეუბნება, რომ სექტორს მორიგი ლოქდაუნის მოლოდინი და შიში აქვს, რაც ინდუსტრიას არასტაბილურს ხდის.
“სექტორს გვეშინია, რომ კიდევ ჩავიკეტებით, ეს მოლოდინი გვაქვს, როგორც რესტორატორებს, ასევე ბიზნესის მფლობელებს და კადრებს. როდესაც დღეს ადამიანები გასაუბრებაზე მოდიან, პირველი შეკითხვა აქვთ: ხომ არ ჩავიკეტებით? შესაბამისად, ეს სფერო, პანდემიამ ძალიან არაპროგნოზირებადი გახადა და დასაქმება ჩვენს სფეროში აღარ არის მიმზიდველი. შიში გვაქვს და გეგმა არ გვაქვს. მხოლოდ ბიზნეს სექტორი ვერაფერს ვიზამთ, უნდა იყოს ერთობლივი სტრატეგია და რაც მთავარია დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, რაც არ იყო წინა ჩაკეტვებისას და რამაც მთელი რიგი პრობლემები გამოიწვია”, - ამბობს თინა ვაშაკიძე.
BMG-ის კითხვას, როგორ გეგმავს ბიზნესი გადალაგებას იმ შემთხვევაში, თუ ლოქდაუნი იქნება, თინა ვაშაკიძე პასუხობს, რომ გეგმა არ არსებობს, ბიზნესები დაიხურება და კადრები ქვეყანას დატოვებენ.
“არ არსებობს გზა, როგორ უნდა ვმართოთ, პერსპექტივა იგივე გველის, რაც წინა წლებში. ამ ბიზნესში სხვა ხსნა არ არსებობს. რაც გააკეთა სხვა განვითარებულმა ქვეყნებმა, როდესაც სახელმწიფოები ბიზნესებს ფინანსურად ეხმარებოდნენ, ალბათ ეს არის ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზაც. სხვა შემთხვევაში დავიხურებით და ჩვენი კადრები ქვეყანას დატოვებენ. მორიგი ჩაკეტვის შემთხვევაში ჩვენი სფერო მინიმუმ 20 წლით უკან დაიხევს“, - აღნიშნა ვაშაკიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ-ინფიცირების განახლებული სტატისტიკის მიხედვით, 10-17 ივლისის განმავლობაში კიდევ შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 4 764 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.