"გვიხარია, რომ ჩინელი ტურისტების რიცხვი საქართველოში იზრდება", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინურ CCTV-სთან, გადაცემა Leaders Tal-ში განაცხადა.
მან ჩინეთის მხრიდან საქართველოს მიმართ მზარდ ინტერესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მომავალში კიდევ უფრო საინტერესო დანიშნულების ადგილი გახდება ჩინელი ტურისტებისთვის.
"ვფიქრობთ, მეტი პირდაპირი ფრენა უკეთესად შეუწყობს ხელს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორის ურთიერთობებს. ასე რომ, ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია", - განაცხადა მან.
კობახიძემ ჩინეთთან სავაჭრო კავშირებზეც ისაუბრა. მისი თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, რომელსაც ხელი 2018 წელს მოეწერა, ხელი შეუწყო ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობას. "რა თქმა უნდა, ამ ტიპის ფორუმს ასევე დიდი წვლილი შეაქვს ჩვენს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის, სავაჭრო თუ ეკონომიკური ურთიერთობის ზრდაში და ჩვენ გვსურს, რომ ეს შესაძლებლობა მომავალშიც გამოვიყენოთ. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა. ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გასული წლის თებერვალში შემოიღო, რის შემდეგაც ჩინეთში ვიზიტი 30 დღის ვადით უვიზოდაა შესაძლებელი. 2023 წელს საქართველოს მთავრობამ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, წელს, 9 თვეში ჩინეთი მე-10 ადგილზეა საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების სტატისტიკაში - 96 333 ვიზიტით. მაჩვენებელი წლის ჭრილში 45%-ით არის გაზრდილი.
გასული 2024 წელი კი რეკორდული იყო - ჩინეთიდან 83%-ით მეტი, 88 583 ვიზიტი განხორციელდა.
ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირები რიცხვებში




























