მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად ჩინეთში იმყოფება - როგორია ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან?

ჩინეთი

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 3 ნოემბერს დელეგაციასთან ერთად შანხაიში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დელეგაციაში 5 მინისტრი - საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი და სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა არიან.

"ქართული ოცნების" მთავრობა აქტიურად მუშაობს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ჩინეთთან, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გარდა, საქართველოს ასევე 2023 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება აკავშირებს. კავშირების გაღრმავება მათ შორის საფინანსო, ენერგეტიკული თუ სხვა სექტორების მიმართულებით მოიაზრება.

BM.GE გთავაზობთ ინფორმაციას ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების შესახებ, რომელიც მზარდია.

ვაჭრობა

აღსანიშნია, რომ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2017 წლის 13 მაისის შეთანხმებაში ცვლილებები შედის. შეთანხმების მოდერნიზაცია განხორციელდა ელექტრონული ვაჭრობის, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით. შესაბამისი ცვლილებების ოქმს ხელი 2026 წლის I კვარტალში მოეწერება.

ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვა 2024 წელს რეკორდული 1.9 მლრდ დოლარი იყო, რაც წლის ჭრილში 17%-იან ზრდას წარმოადგენდა.

2025 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია 1.6 მლრდ დოლარის ბრუნვით, რაც წლიურად 15.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აქედან 1.4 მლრდ დოლარი იმპორტზე მოდის, ხოლო 216.9 მლნ დოლარი კი ექსპორტზე.

ჩინეთი მესამე უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორია. 9 თვეში იმპორტი წლიურად 19.8%-ით არის გაზრდილი. ჩინეთიდან იმპორტირებული უმსხვილესი საქონლის რეიტინგში პირველ ადგილს კონდინციონერები იკავებს. იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული კი ასეთია:

  1. კონდინციონერები - $46.1 მლნ;
  2. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $42.3 მლნ;
  3. ახალი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - $40.6 მლნ;
  4. მსუბუქი ავტომობილები - $38.6 მლნ;
  5. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $37.8 მლნ;

ამასთან ჩინეთიდან შემოგვაქვს ფრინველის ახალი ან გაციებული ხორცი, რეზინის ფეხსაცმელი, მაცივრები და საყინულეები, სატელევიზიო კავშირისთვის განკუთვნილი აპარატურა, ძრავები და ძალოვანი დანადგარები და სხვა.

რაც შეეხება ექსპორტს, ჩინეთი საექსპორტო პარტნიორების ჩამონათვალში მეშვიდეა. წელს ექსპორტი 7.1%-ით არის შემცირებული. უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში კი პირველ ადგილს ადგილობრივი წარმოების ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები იკავებს, რომლის ექსპორტი წელს გაზრდილია.

TOP-5 საექსპორტო საქონელი:

  1. მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - $159.6 მლნ;
  2. მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები - $16.2 მლნ;
  3. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $11.5 მლნ;
  4. სანელებლები - $10.9 მლნ;
  5. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $6.9 მლნ;

FDI

ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა 2002 წლიდან დაიწყო. რეკორდული, 220 მლნ დოლარზე მეტი FDI კი 2014 წელს დაფიქსირდა. რის შემდეგაც ყველაზე მეტი ინვესტიცია 2023 წელს შემოვიდა - 98.4 მლნ დოლარი. მაჩვენებელი გასულ წელს 29 მლნ დოლარამდე შემცირდა.

2025 წლის პირველ კვარტალში ჩინეთიდან 11.2 მლნ დოლარის FDI შემოვიდა, ხოლო მეორე კვარტალში უარყოფითი ნიშნით დაფიქსირდა და -3.7 მლნ შეადგინა. 6 თვის მონაცემებით, წლის ჭრილში ინვესტიციები 5.2 მლნ დოლარითაა გაზრდილი.

ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების კონტექსტში აღსანიშნავია, რომ საქართველოში არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ჩინური კომპანიების, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების მიერ ხორციელდება. სწორედ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC-ი მოიაზრება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში სახელმწიფოს კერძო პარტნიორად. ის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ გასულ წელს დასახელდა, თუმცა ჯერჯერობით ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

ამასთან, მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, თანამშრომლობის ფარგლებში ერთ-ერთი ამოცანა ჩინური ბანკებისთვის საქართველოს ფინანსური ბაზრის მიმზიდველობის ზრდაა.

ტურიზმი

ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გასული წლის თებერვალში შემოიღო, რის შემდეგაც ჩინეთში ვიზიტი 30 დღის ვადით უვიზოდაა შესაძლებელი. 2023 წელს საქართველოს მთავრობამ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, წელს, 9 თვეში ჩინეთი მე-10 ადგილზეა საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების სტატისტიკაში - 96 333 ვიზიტით. მაჩვენებელი წლის ჭრილში 45%-ით არის გაზრდილი.

გასული 2024 წელი კი რეკორდული იყო - ჩინეთიდან 83%-ით მეტი, 88 583 ვიზიტი განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები