ჯაბა მუჯირმა კასპის რაიონის სოფელ გარიყულაში ჯერ ცქრიალა ღვინის წარმოება დაიწყო, შემდეგ სხვა სახეობებიც დაამატა და ამჟამად ექვსი სახეობის ღვინოს აწარმოებს.
ჯაბა მუჯირი ღვინოს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, თუმცა თავად თვლის, რომ მის წარმოებულ პროდუქციას საექსპორტო პოტენციალიც აქვს. მეღვინე ჯერ-ჯერობით, მცირე წარმოებას აგრძელებს და მაგალითად, გასულ წელს 2 000 ბოთლი ღვინო აწარმოეს.
Chapidon Winery მხოლოდ მეღვინეობად არ დარჩა, მალევე სარესტორნო სივრცეც დაამატეს და როგორც თავად ჯაბა გვიყვება, ამჟამად არსებული სივრცის მოსაწყობად სრულად პირადი სახსრები გამოიყენეს, შედეგად, დაახლოებით, $150 000-ის ინვესტიციაც განახორციელეს. ახლა კი მისულ სტუმრებს ადგილზე დამზადებულ ღვინოსთან ერთად ქართულ კერძებსაც სთავაზობენ.
"წელს დავიწყეთ ტურისტების მიღება, იმდენად დიდი მოთხოვნაა ჩვენც გაოცებულები ვართ, უცხოელებიც გვსტუმრობენ და ქართველებიც, დაახლოებით 50-50-ზეა მათი ვიზიტების რაოდენობა. უცხოელებიდან თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი მოდის ქართული ღვინის და კერძების დასაგემოვნებლად, არიან ევროპელებიც, რუსებიც, უკრაინელებიც, მოკლედ, ყველა სეგმენტზე ვმუშაობთ.
რადგან წელს უკვე ამდენი სტუმარი გვყავს, მომავალი წლიდან უფრო დიდ დაინტერესებას ველოდებით", - აცხადებს ჯაბა მუჯირი BMG-სთან საუბრისას.
სწორედ ამ მაღალმა მოთხოვნამ ახალი სერვისის დამატებაზეც დააფიქრათ - შემდეგი ზაფხულის სეზონისთვის სასტუმრო სივრცის მოწყობას გეგმავენ, რადგან მოსულ სტუმრებს უკვე სრული სერვისი შესთავაზონ, თუმცა მანამდე კიდევ სხვა გეგმებიც აქვთ - სექტემბრიდან უქმეებზე ღონისძიებების ორგანიზებას გეგმავენ, სადაც ნებისმიერ ადამიანს მისვლა და სასიამოვნო დროის გატარება შეეძლება.
"გვინდა გავხდეთ სივრცე, სადაც ყველა მოთხოვნის მქონე ადამიანს დასვენება, დროის სასიამოვნოდ გატარება და საინტერესო აქტივობებით დაკავება შეეძლება. ამიტომ, ვაპირებთ, რომ მალე სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებები დავაორგანიზოთ", - ამბობს ჯაბა მუჯირი.
აღსანიშნავია, რომ Chapidon Winery საოჯახო ბიზნესია, რომლის ფუნქციონირბაშიც ძირითადად ოჯახის წევრები არიან ჩართულები, თუმცა მაღალმა მოთხოვნამ კადრების დამატებაც მოითხოვა და ამჟამად ოთხ ადგილობრივს ასაქმებენ.