კომპანია „ლაკრესი“, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2022 წლიდან გამოჩნდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტრადიციული მეთოდით დამზადებული არტიზანული, უნიკალური ყველის რეალიზებას ახდენს. „ლაკრესის“ ასორტიმენტი ისეთი ტიპის პროდუქტს ითვლის, როგორიცაა დამბალხაჭო, კალტი, ნარჩვი და სხვა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი კახაბერ ვარდანაშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, „ლაკრესი“ შეფ ლევან კობიაშვილთან თანამშრომლობს და, ყველთან ერთად, საკუთარი რეცეპტით წარმოებული გარგარის, ლეღვისა და ნიგვზის აჯიკებისა და საფირმო პაშტეტის წარმოებაც დაიწყეს.
არტიზანული ყველის რეალიზებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საუბრისას, ვარდანაშვილი აღნიშნავს, რომ სუპერმარკეტების მხრიდან პროდუქტზე ფასნამატი პროდუქტის რეალიზებას ართულებს.
„ჩვენი ყველი პრემიუმ კლასის სეგმენტზეა გათვლილი. თუმცა სხვადასხვა ქსელში წარმოდგენილი არტიზანული ყველის საფასო პოლიტიკა, რადგან ფასნამატი სუპერმარკეტების მხრიდან ძალიან მაღალია, კგ-ს ფასს ზრდის და 85-120₾ გამოდის. ამის გამოც ბევრ ქსელში ვერ შეგვაქვს პროდუქცია, რაც მის რეალიზაციას ართულებს“, - ამბობს „ლაკრესის“ დამფუძნებელი.
მიუხედავად ამ გამოწვევისა, ვარდანაშვილის თქმით, არტიზანულ ყველზე მომხმარებლის მხრიდან ინტერესი მზარდია: „გაეროს, სოფლის მეურნეობების ორგანიზაციებისა და ევროკავშირის დაფინანსებით, პერიოდულად გამოვდივართ ხოლმე აგრო-ბაზრებზე, სადაც ჩვენი პროდუქციის მიმართ დაინტერესება დიდია“.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, „ლაკრესის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კომპანია საკუთარი სარეალიზაციო სივრცის მოწყობას გეგმავს და ამისთვის ინვესტორს ეძებს.
„ჩვენნაირი სტარტაპისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ინვესტიციების მოზიდვა ძალიან რთულია. საგრანტო კონკურსში მონაწილეობას ვერ ვიღებთ, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ უარი გვითხრა, რადგან შპს-დ ვართ დარეგისტრირებულები. ვცდილობთ, გრანტი თუ არა, კრედიტი მაინც ავიღოთ, თუმცა რთული პროცესია. ინვესტორს ვეძებთ, რომელიც მაღაზიის გახსნაში დაგვეხმარება“, - ამბობს ვახტანგ ვარდანაშვილი.
ცნობისთვის, „ლაკრესის“ გუნდში 7 ადამიანია დასაქმებული, უშუალოდ ყველის მწარმოებელთა რაოდენობა კი გაცილებით მაღალია. კომპანიის პროდუქცია „ევროპროდუქტების“ ქსელში იყიდება.