ვფიქრობ, სომხეთი უნდა პოზიციონირდეს, როგორც მაღალი ტექნოლოგიების ჰაბი, რათა მივაწოდოთ ინოვაციური მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები არა მხოლოდ რეგიონს, არამედ გლობალურ ბაზარს, - ამის შესახებ სომხეთის ფინანსთა მინისტრმა, ვაჰე ჰოვანნისიანმა BMG-ის სომხეთის ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად, სომხეთს უკვე აქვს IT სექტორის მხარდაჭერის მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც მხარდაჭერის ახალ პაკეტზეც მიმდინარეობს მუშაობა.
„ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე ამ სექტორის მხარდაჭერის ახალ პაკეტსაც წარვადგენთ, ვინაიდან, თქვენ იცით, რომ მსოფლიოში მაღალი კონკურენციაა პროფესიონალი IT სპეციალისტების მოზიდვისა და შენარჩუნების კუთხით. ჩვენ გვინდა შევქმნათ საჭირო გარემო გლობალური IT კომპანიებისთვის, რათა ისინი სომხეთში იყვნენ წარმოდგენილი და ჰქონდეთ კარგი პირობები თანამშრომლებისთვის“, - განაცხადა სომხეთის ფინანსთა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ სომხეთის მთავრობამ IT სექტორის მხარდაჭერის არსებული პაკეტი ერთი წლით გაახანგრძლივა.
"ჩვენ ერთი წლით გავახანგრძლივეთ მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც გვქონდა 2023 წლის დეკემბრამდე, გვინდა, შევქმნათ უფრო გრძელვადიანი მხარდაჭერის პაკეტი 2025 წლის შემდეგაც. ამ კუთხით ამჟამად დიზაინის პროცესში ვართ, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან სარგებელს კვლევისა და განვითარების და განათლების ინვესტიციების კუთხით. არსებული პაკეტი კი სტარტაპებს ეხმარება საშემოსავლო გადასახადის შემცირებით, ის ასევე უზრუნველყოფს გადასახადების შემცირებას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ბოლო წლებში რუსეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან სომხეთში გადმოვიდნენ", - აღნიშნა მინისტრმა BMG-ის სომხეთის ბიუროსთან ინტერვიუში.
ცნობისთვის, სომხეთის IT სექტორი საქართველოსთან შედარებით 293 მილიონი დოლარით უფრო მეტ შემოსავალს აგენერირებს. გასულ წელს სომხეთის შემოსავალი IT და საკომუნიკაციო სერვისების მიწოდებიდან 51%-ით გაიზარდა და 1.07 მილიარდ დოლარს მიაღწია.
შედარებისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალი 2023 წელს 784 მილიონი დოლარი იყო, რაც 53%-იან ზრდას წარმოადგენდა. ამის მიუხედავად, სომხეთის IT სექტორთან ჩამორჩენა თითქმის 300 მილიონი დოლარია.
ამასთანავე, სომხეთის IT სექტორში საქართველოსთან შედარებით უფრო მაღალი ხელფასებია. Armstat-ის თანახმად, სომხეთის IT და საკომუნიკაციო სექტორი 42,500 ადამიანს ასაქმებს, საქართველოს შემთხვევაში ეს 47,000-ია. თუმცა სომხეთში ამ სექტორის საშუალო ხელფასი 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით 992 ათას დრამს, ანუ 6,785 ლარს შეადგენდა. შედარებისთვის საქართველოში ამ სექტორის საშუალო ხელფასი 4,400 ლარია.