მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სომხეთი უნდა პოზიციონირდეს, როგორც მაღალტექნოლოგიური ჰაბი" - ინტერვიუ სომხეთის ფინანსთა მინისტრთან

სომხეთის მინისრტი

სომხეთის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების სტრატეგიები ფოკუსირებულია ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე, ადგილობრივი მრეწველობის მხარდაჭერასა და ქვეყნის მაღალტექნოლოგიურ ცენტრად და სატრანსპორტო დერეფნად პოზიციონირებაზე. ამ საკითხებზე BMG-ის ერევნის ბიურომ სომხეთის ფინანსთა მინისტრ ვაჰე ჰოვანნისიანთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც გთავაზობთ სრულად.

- ბატონო მინისტრო, 2024 წლის I კვარტალში, სომხეთის ეკონომიკური აქტივობა 14%-ზე მეტით გაიზარდა თუ მას გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს შევადარებთ. როგორ ფიქრობთ, ის იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე ამის ნამდვილი პოტენციალი აქვს?

მართალი ხართ. ჩვენი ეკონომიკა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდება იმაზე სწრაფად, ვიდრე მისი პოტენციალია. თუმცა კარგი ამბავი აქ ისაა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, თავად პოტენციალიც გაიზარდა. როცა ვსაუბრობთ პირველ კვარტალზე, პირველ რიგში, საჭიროა იმის აღნიშვნა, რომ მშპ-ს ზრდა დაახლოებით 9%-ია. თუმცა, ეს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემია. ჩვენი მოლოდინით ზრდა დაახლოებით 7.5% იქნება. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ გასაფილტრია ყველა შემოდინება, რათა კარგად გავაანალიზოთ, რა ხდება ჩვენს ეკონომიკაში.

- ბატონო მინისტრო, ინდუსტრიული მრეწველობა, რომელიც 2024 წლის იანვარ-აპრილში 31.1%-ით გაიზარდა, ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვან წილს ინარჩუნებს. ეს ზრდა განპირობებული იყო ოქროს ნაკეთობების წარმოებისა და ექსპორტის ზრდით. როგორ ფიქრობთ, სომხეთის ეკონომიკას ხომ არ აქვს ე.წ. «ჰოლანდიური დაავადების» ნიშნები? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო მეტად გარე ფაქტორებზე ხდება დამოკიდებული?

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ეკონომიკა მცირე ზომისაა, მასზე გარე ფაქტორების ზემოქმედება დიდია. კი, არის რისკი, თუმცა, ჩვენ ვცდილობთ ეკონომიკის დივერსიფიცირებას. ვინაიდან ჩვენ გარე ეკონომიკებზე ვართ დამოკიდებული, მათი დივერსიფიცირებაც უნდა შევძლოთ, რათა შევამციროთ მხოლოდ ერთი ქვეყნის ეკონომიკაზე დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ნაწილი ვართ და ჩვენი ვაჭრობის უმრავლესობა ბუნებრივად სწორედ ამ კავშირის წევრ ქვეყნებთანაა. თუმცა, თუ ჩვენ გვინდა გრძელ ვადაში სტაბილური ზრდა და ნებისმიერი ტურბულენტობის თავიდან არიდება, რაც გარე ფაქტორების ცვლილებით იქნება გამოწვეული, უნდა გავზარდოთ ჩვენი ბიზნესების პროდუქტიულობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა.

- რას აკეთებს მთავრობა ეკონომიკაში სხვა სექტორების როლის წინ წამოსაწევად?

ჩვენ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ფართო პაკეტი გვაქვს, 2023 წელს, 40 მილიარდ დრამზე მეტი ანუ 100 მლნ დოლარზე მეტი მოხმარდა ამ სექტორს. დავინახეთ, რომ ინტენსიური ბაღების მოსავლიანობის მოცულობაც გაიზარდა. ასევე, ჩვენ გვაქვს IT სექტორის მხარდაჭერის მექანიზმიც და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე ამ სექტორის მხარდაჭერის ახალ პაკეტსაც წარვადგენთ, ვინაიდან, თქვენ იცით, რომ მსოფლიოში მაღალი კონკურენციაა პროფესიონალი IT სპეციალისტების მოზიდვისა და შენარჩუნების კუთხით. ჩვენ გვინდა შევქმნათ აუცილებელი გარემო გლობალური IT კომპანიებისთვის, რათა ისინი სომხეთში იყვნენ წარმოდგენილი და ჰქონდეთ კარგი პირობები თანამშრომლებისთვის.

გარდა ამისა, ჩვენ საკმაოდ მიმზიდველი შეთავაზება გვაქვს ბიზნესებისთვის მოდერნიზების თვალსაზრისით. მაგალითად, ვასუბსიდირებთ საპროცენტო განაკვეთებს ლიზინგისთვის, თუ რომელიმე ბიზნესი გადაწყვეტს ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირებას. ასე რომ, სხვადასხვა გზით, ვაჭრობის, საბაჟო პროცედურების გაუმჯობესებით, ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ ჩვენს ბიზნესს, რათა იყვნენ უფრო ეფექტური ვაჭრობასა და ექსპორტში.

- ბატონო მინისტრო, შეგიძლიათ უფრო დეტალურად მოგვიყვეთ IT სექტორის მხარდაჭერის მექანიზმი?

ჩვენ ერთი წლით გავახანგრძლივეთ მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც გვქონდა 2023 წლის დეკემბრამდე, გვინდა, შევქმნათ უფრო გრძელვადიანი მხარდაჭერის პაკეტი 2025 წლის შემდეგაც. ამ კუთხით ამჟამად დიზაინის პროცესში ვართ, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან სარგებელს კვლევისა და განვითარების და განათლების ინვესტიციების კუთხით. არსებული პაკეტი კი სტარტაპებს ეხმარება საშემოსავლო გადასახადის შემცირებით, ის ასევე უზრუნველყოფს გადასახადების შემცირებას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ბოლო წლებში რუსეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან სომხეთში გადმოვიდნენ.

- სომხეთის ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებულია სოფლის მეურნეობასა და ინდუსტრიულ მრეწველობაზე. რომელია სხვა სექტორები, რომლებსაც აქვთ სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებაში მონაწილეობის უფრო მეტად მიღების პოტენციალი?

პირველ რიგში, შემიძლია ვთქვა, რომ სოფლის მეურნეობა სახელმწიფო ბიუჯეტში დიდი კონტრიბუტორი არ არის. მომსახურების სექტორი კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია. ეს სექტორი საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა ბოლო წლებში, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ IT, არამედ ფინანსურ სექტორსაც, რაც ჩვენთვის ძალიან კარგი ამბავია. რა თქმა უნდა, სამთო მომპოვებელი მრეწველობა რჩება სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრიბუტორად. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი მიზანია გვქონდეს მაღალი ხარისხის ინვესტიციები ამ ინდუსტრიაში და მისი დივერსიფიცირება მოვახდინოთ და ასევე გვქონდეს უფრო მეტად კომპლექსური წარმოება ქვეყანაში. ამ მიზეზით, ჩვენ გავუწიეთ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იმ ინვესტორებს, რომლებიც ამ კუთხით ინვესტიციებს დებენ სომხეთში. კერძოდ, ჩვენ მათ ვუბრუნებთ ინვესტიციების მოცულობის 35%-მდე უკან.

- რა მიგაჩნიათ სომხეთის კონკურენტულ უპირატესობად რეგიონში ინვესტორების მოზიდვის კუთხით?

ვფიქრობ, სომხეთი უნდა პოზიციონირდეს, როგორც მაღალი ტექნოლოგიების ჰაბი, რათა მივაწოდოთ ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები არა მხოლოდ რეგიონს, არამედ გლობალურად. ვფიქრობ, ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ დადებით სიგნალებს ამ მიმართულებით და ასევე აქტიურად განვიხილავთ ჩვენს მონაწილეობას შუა დერეფანში ჩვენი ინიციატივით „მშვიდობის გზაჯვარედინზე“. ჩემი აზრით, სომხეთი ასევე უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს მთლიან რეგიონს, გახდეს სატრანსპორტო დერეფანი აზიასა და ევროპას შორის.

- რამდენად მნიშვნელოვანია რეექსპორტის წილი სომხეთის საექსპორტო სტრუქტურაში და არის თუ არა ეს პრობლემა?

2023 წელს რეექსპორტმა ჩვენს მთლიან ექსპორტში 57% შეადგინა. მე აქ პრობლემას სულაც არ ვხედავ. რადგან, როგორც ვთქვი, თუ გვინდა გავხდეთ ლოგისტიკური და სატრანსპორტო დერეფანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, მომავალში ჩვენს მშპ-ში ვაჭრობას მნიშვნელოვანი წილი იქნება. აქ მნიშვნელოვანია, ამ რეექსპორტის მდგრადობა. ამ მიზეზით, რადგან ეს არის ახალი ფენომენი ჩვენს რეალობაში, ბიუჯეტში ჩვენ ვგეგმავთ სპეციალურ რეზერვებს, რათა შევამციროთ ნებისმიერი რისკი, რომელიც მომავალში გამოჩნდება, თუ ეს რეექსპორტი შეჩერდება. მაგრამ მინდა დავაკონკრეტო, რომ აქ საუბარი სანქცირებული ნივთების რეექსპორტზე არაა. ყველა ნივთს აკონტროლებს ჩვენი საბაჟო და ეს არის პროდუქტები, რომლებიც არ არის სანქციების სიაში.

- ბევრმა ეკონომისტმა ეკონომიკისთვის შემაშფოთებლად მიიჩნია ის, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში სომხეთში გადასახადის უმსხვილესი გადამხდელი გახდა მობილური ტელეფონებისა და აქსესუარების იმპორტითა და გაყიდვით დაკავებული კომპანია და არა მაგალითად, წარმოებით დაკავებული კომპანია. ეთანხმებით მათ?

არა, არ მგონია ცუდი ამბავი იყოს. უპირველეს ყოვლისა, ეს მხოლოდ პირველი კვარტალია და ჯერ დასკვნების გამოტანა ნაადრევია. ამასთან, უნდა შევხედოთ რა ხდება დანარჩენი გადასახადის გადამხდელების შემთხვევაში. ჩვენ გვეზრდება გადასახადებით შემოსავალი და ამ კუთხით სხვა სექტორებიდან შემცირება არ გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი ყურადღება მიმართული უნდა იყოს ჩვენს წარმოებაზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მათ ამ სიტუაციაში, როდესაც ჩვენი ვალუტა მყარდება და იმაზე, რომ მხარი დავუჭიროთ ეკონომიკის იმ სფეროებს, რომლებიც უზრუნველყოფს ზრდის გრძელვადიან პოტენციალს. ამ კუთხით დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი იმ ბიზნესებს, რომლებიც სარგებლობენ არსებული სიტუაციით და ცდილობენ თავიანთი მოგების მაქსიმიზაციას. მე აქ ვერ ვხედავ დიდ პრობლემას, რაც ბუნებრივია და ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ბიზნესს სხვადასხვა სფეროში ექნება მოქნილობა, გამოიყენოს ნებისმიერი პოტენციალი, რაც მათ საშუალებას მისცემს მოიზიდონ დამატებითი შემოსავლები.

- ეკონომიკური აქტივობის ამჟამინდელი მაღალი ტემპის გათვალისწინებით, როგორია სომხეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზი ეკონომიკურ ზრდაზე 2024 წლის ბოლოსთვის?

ზოგადად ფინანსთა სამინისტროში ეკონომიკური ზრდის სხვადასხვა სცენარს ვამუშავებთ. ჩვენ გვაქვს მიზნობრივი 7%-იანი ზრდა და როგორც წესი, მთავრობას ვურჩევთ, რა უნდა გააკეთოს ამ მიზნის მისაღწევად. ბოლო დროს გავაკეთეთ ანალიზი და რა თქმა უნდა, როგორც ვთქვი, გვაქვს სხვადასხვა სცენარი. მაგრამ დღევანდელი სცენარით, რაც ყველაზე სავარაუდოა, ჩვენი აზრით, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს წლის განმავლობაში. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ზრდა იქნება დაახლოებით 7% ან 7%-ზე ოდნავ დაბლა.

- რამდენად მართვადია სომხეთის სახელმწიფო ვალი და რამდენად არის მოსალოდნელი მისი გაზრდა 2024 წლის ბოლომდე?

მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შესანიშნავი შედეგები, მხოლოდ ორ წელიწადში შევძელით ვალის შემცირება 63%-დან 47%-მდე. ასევე, ჩვენ მოვახერხეთ სომხური დენომინირებული ვალის წილის გაზრდა, რომელიც ახლა 50%-ზე ცოტათი დაბალია. შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ვალის დონე საკმაოდ მდგრადია, ამაზე მეტყველებს სარეიტინგო სააგენტოების მიერ ჩვენი რეიტინგის ბოლო ცვლილებებიც. დარწმუნებულები ვართ, რომ წლის ბოლომდე ჩვენი სახელმწიფო ვალის დონეს 50%-ზე ქვემოთ შევინარჩუნებთ.

- სომხეთი და საქართველო ერთმანეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. საბაჟო პროცედურების კუთხით, არის თუ არა რაიმე გამოწვევა, რომელზედაც ერთად მუშაობთ?

ფინანსთა სამინისტრო ამ კუთხით დისკუსიებში აქტიურად არ არის ჩართული, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენი კოლეგები სახელმწიფო შემოსავლების სამსახურში ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან. როგორც საქართველოში, ჩვენთანაც საბაჟოზე და გადასახადების საკითხებზე პასუხისმგებელია ფინანსთა სამინისტრო. არის არაერთი მიმართულება, სადაც ჩვენ ჩვენი მუშაობის სინქრონიზაციას ვახდენთ, რათა ყველა ოპერაცია შეუფერხებლად განვახორციელოთ. მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებს შორის საკმაოდ კარგი თანამშრომლობაა. და უკვე ტრადიციად იქცა, რომ ყოველწლიურად ვიკრიბებით, რათა განვიხილოთ ჩვენი ფისკალური პოლიტიკა და ჩვენი მომავლის პროგნოზი იმისთვის, რომ ვისწავლოთ ერთმანეთისგან. ვფიქრობ, ეს არის ძალიან პოზიტიური რამ, რომელიც შემდგომში შეიძლება გადაიზარდოს უფრო რეგიონულ თანამშრომლობაში. შარშან სომხეთში შევხვდით და ახლა მომავალ შეხვედრას ზაფხულისთვის ვგეგმავთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები