ბაზარზე ახალი მეღვინეობა „ჭალელი“ გამოჩნდა. კომპანიის დამფუძნებელმა მირანდა გოგუამ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას თქვა, რომ ღვინის ჩამოსხმა 2022 წელს დაიწყეს და დღემდე 3000 ბოთლი აწარმოეს, მომავალი წლისთვის კი ამ რიცხვის გაორმაგებას აპირებენ.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მან თქვა, რომ მოლაპარაკებები ადგილობრივ მაღაზიებთან და ბარ-რესტორნებთან მიმდინარეობს. გეგმაშია ევროპის ქვეყნებში ექსპორტზე გასვლაც.
კითხვაზე, - რა სირთულეებს წააწყდა კომპანია, დამფუძნებელი პასუხობს, რომ გამოწვევა იყო დროის მენეჯმენტის პრობლემა და უცაბედი ცვლილებები.
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წელს ეტიკეტთან დაკავშირებით ცვლილებები აამოქმედა, როცა სამწუხაროდ, ჩვენ უკვე დაბეჭდილი გვქონდა დიზაინი. შემდეგ კი ამის გაკეთება თავიდან მოგვიწია, რამაც დამატებითი დრო წაიღო“, - თქვა მან.
მირანდა გოგუას განმარტებით, „ჭალელის“ მარანი შიდა ქართლში, სოფელ კნოლევში საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, სადაც სამი ჯიშის ყურძენია წარმოდგენილი.
„ჯიშები, რომელიც ვენახში გვაქვს, დამახასიათებელია მხოლოდ შიდა ქართლისთვის, ეს ჯიშებია - ჩინური, ბუზა და ალექსანდროული. ვინაიდან ბუზა არის იშვიათი და ენდემური ჯიში, გადავწყვიტეთ წინა ხაზზე წამოგვეწია და ამ ჯიშის ცნობადობა გაგვეზარდა. ბუზა გვექნება მომავალი წლიდან, ეს ჯიში ხასიათდება სპეციფიკური გემოვნური თვისებებით, რაც აუცილებლად ინტერესს გამოიწვევს”, - ამბობს დამფუძნებელი.
მირანდა გოგუა ხაზს უსვამს კომპანიის ორიგინალურობას და ამბობს, რომ მომხმარებელი მრავალი სიახლისთვის უნდა იყოს მზად:"საქართველოს მეღვინეობის ძირითადი მიმართულება კლასიკური ღვინოებია, ჩვენ არ გვეშინია ექსპერიმენტების, გვინდა კლასიკას გავცდეთ და სიახლეები მივაწოდოთ მომხმარებელს, შესაბამისად ბევრი სიურპრიზი გელოდებათ“, - დასძინა მან.
მეღვინეობა „ჭალელი“ მომხმარებელს ამჟამად ექვსი სახეობის ღვინოს სთავაზობს, რომლის ფასიც 30-დან 40 ლარამდე მერყეობს, ღვინის შეძენა მაღაზია „სასმურში“ და რესტორან „მარგალიტაშია“ შესაძლებელი.