მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვინდოდა, ეს პრობლემა ხელისუფლებას მოეგვარებინა" - შუქრუთელების პროტესტი მედიაციის მოლოდინში გრძელდება

შუქრუთი პროტესტი

თბილისში საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ, პროტესტი სოფელ შუქრუთში გრძელდება. აქციის მონაწილე მაღაროელები აცხადებენ, რომ ამ დრომდე მედიაციის შემდეგი შეხვედრის მოლოდინში არიან.

საქმე ის არის, რომ შუქრუთელებმა დედაქალაქში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც პარლამენტთან მათ დეპუტატი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი შეხვდა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ შუამავლობა შესთავაზა.

როგორც bm.ge-ის აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი ნეფარიძემ უთხრა, პროტესტი უწყვეტად გრძელდება და იქამდე არ შეწყდება, ვიდრე კონკრეტულ შედეგებს არ მიიღებენ.

მისი თქმით, მედიაციის ფარგლებში გამართული პირველი შემთხვევის შემდეგ მათთან კომუნიკაცია არავის ჰქონია და შუქრუთელები ელოდებიან, როდის დაუკავშირდებათ ვინმე.

„პირველ შეხვედრაზე ამ ეტაპზე არავინ შეგვხმიანებია. გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომელსაც გონივრულ დროში გავასაჯაროებთ იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაცია აღარ შედგება. პირველ შეხვედრაზეც ჩვენი პრობლემებით არც ბატონი რატი და არც არავინ დაინტერესებულა. უბრალოდ საუბრობდნენ როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემები“, - განაცხადა ნეფარიძემ, თუმცა არ დააკონკრეტა რა გეგმა აქვთ პროტესტის მონაწილეებს და რა იგულისხმება გონივრულ ვადაში.

Bm.ge-მ გიორგი ნეფარიძეს სთხოვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება შეეფასებინა, რომელმაც თქვა, რომ „შუქრუთელებს კომპენსაციები აქვთ აღებული“.

„უმჯობესი იქნება, პრემიერმა მთავრობაში მის სახელზე შესულ განცხადებას უპასუხოს. შემდგომ ოფიციალურად დაინტერესდეს პროცესებით, უშუალოდ მიიღოს ინფორმაცია ორივე მხარისგან და არ აკეთოს ერთ მხარეზე დაყრდნობით ცილისმწამებლური განცხადებები, რაც სრულად ეფუძნება ჯორჯიან მანგანეზის, თუ შპს მაღაროელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. თუ რეალურად, ერთი და იგივე არ არის კომპანიის და სახელმწიფოს ინტერესები, მაშინ კეთილი ინებოს მთავრობის მეთაურმა და დაინტერესდეს რეალურად აქ არსებული მდგომარეობით. თვეზე მეტი გავიდა და პასუხი არ მიგვიღია არც საპატრიარქოსგან, ისევე როგორც არ დაუფიქსირებია პოზიცია დარღვევებზე სახალხო დამცველს“, - განაცხადა ნეფარიძემ.

რაც შეეხება კითხვას, არჩევნებში „ქართული ოცნების“ 60%-იან მხარდაჭერაზე, საპროტესტო აქციის მონაწილე პასუხობს: „პირველი დღიდან, როცა ეს პროტესტი დაიწყო, ჩვენ[ხელისუფლების] წინააღმდეგები კი არ ვიყავით, ვითხოვდით, რომ პროცესში ჩართული ყოფილიყო ცენტრალური ხელისუფლება. ეს ერთი მეორისგან განსხვავებული პოზიციაა. ჩვენ ხელისუფლების წინააღმდეგი კი არ ვიყავით, არამედ გვინდოდა, რომ ხელისუფლებას მოეგვარებინა ეს პრობლემა“, - თქვა ნეფარიძემ.

შუქრუთელების პროტესტი თბილისში უშედეგოდ დასრულდა

შუქრუთელები შიმშილობას წყვეტენ, თუმცა პროტესტი გრძელდება - მათ უმრავლესობის დეპუტატი იონათამიშვილი შეხვდა

"იცით, რა კომპენსაციები აქვთ აღებული?!" - რატომ მიიღო "ოცნებამ" შუქრუთში ხმების 60%?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები