მეღვინე იაგო ბიტარიშვილის შეფასებით, პანდემიის მიუხედავად, მცირე მარნებისთვის 2021 წელი წარმატებული იყო. „საქმიან დილასთან“ ინტერვიუში მან აქცენტი ხარისხობრივად მაღალი ღვინის წარმოების მნიშვნელობაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, მოთხოვნაც და ფასიც საერთაშორისო ბაზრებზე მაღალია.
„2021 წელს ექსპორტი მცირედით გაიზარდა, მაგრამ იყო ლოგისტიკური პრობლემები, თუმცა საერთო ჯამში წარმატებული იყო გაყიდვების თვალსაზრისით არა მარტო ჩემთვის, არამედ დარგისთვის. ის ახალი მარნები, რომლებიც ემატება ბაზარს, კიდევ უფრო ზრდის ქართული ღვინის გაყიდვებს სხვადასხვა ქვეყანაში. ზოგი ამბობს, რომ ყველას არ უნდა შეეძლოს მარნის გახსნა, ზოგი ფიქრობს, რომ რეგულაციაა საჭირო, თუმცა ჩვენ ამ წარმატებამდე სწორედ ამან მიგვიყვანა - გახსნილ ბაზარზე ბევრს შეუძლია წარმოების დაწყება და ეს ქმნის ჯანსაღ კონკურენციას.
მცირე მარნების ღვინო საშუალოდ 3-4-ჯერ ძვირი ღირს საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ არა მარტო რაოდენობაში უნდა ვზომოთ რამდენი ბოთლი ღვინო გავა ქვეყნიდან, არამედ ის თუ რა საფასო სეგმენტში გაიყიდება. ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია დაიკავოს ადგილი მაღალ საფასო სეგმენტში. ეს საშუალებას მოგვცემს შემოსავალი იყოს მეტი, ვიდრე რამდენიმე მლნ ბოთლით მეტის გაყიდვის შემთხვევაში. ვერ ვიტყვით, რომ ჯერ სახარბიელო ვითარება გვაქვს, დიდი კონკურენციის გათვალისწინებით, დიდი მუშაობაა ჩასატარებელი“, – განაცხადა ბიტარიშვილმა.
2022 წლის მოლოდინებზე საუბრისას კი, მეღვინემ თქვა, რომ სექტორი გაიზრდება და ამ მხრივ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება და პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
„არის ისეთი ქვეყანა და ღონისძიება სადაც შეგიძლია ერთი ჩასვლით რამდენიმე ქვეყნის პოტენციურ იმპორტიორს შეხვდე. ახლაც მიუხედავად პანდემიისა, 5 მარნის წარმომადგენელი ვიმყოფებოდით საფრანგეთში და მინიმუმ 2 ხალი პოტენციური ქვეყანა შეიძლება გაჩნდეს ისეთი, სადაც დამატებით ექსპორტი განხორციელდება. გააჩნია ღონისძიებას, ფორმატს, შემდეგ უკვე თვითონ მარანი წყვეტს სად უფრო დიდი პერსპექტივაა. პატარა მარნებს ძირითადად რაოდენობის პრობლემები აქვთ, მოცულობა როცა არ გყოფნის, ძნელია სხვადასხვა ქვეყანას მიაწოდო. ჩვენს შემთხვევაში ახალი ბაზრები ალბათ არ იქნება რაოდენობრივი სიმცირის გამო, თუმცა მოთხოვნა გვაქვს, მაგალითად, ისეთი ქვეყნიდან, როგორიც არის მექსიკა, სადაც ვითარდება ნატურალური ღვინის ბაზარი; ვნახოთ თუ შევძლებთ რაოდენობრივად მათ დაკმაყოფილებას, თუ არადა ისევ იმ ბაზრებზე დავრჩებით, სადაც ვართ. ამდენად, ვფიქრობ, დარგისთვის პოზიტიური წელი იქნება“, - განაცხადა ბიტარიშვილმა.




























