მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვჯერა, ჩვენი ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების დრო დადგა - ღარიბაშვილი სტოლტენბერგს

61b9bcbe6c1e2
ინგა მურუსიძე
15.12.21 14:06
533
"ნატო-ს წევრობა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობა" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, გენერალურ მდივანთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა, სადაც საუბარი შეეხებოდა რეგიონსა და საქართველოში არსებულ ვითარებას, ისე როგორც რუსეთის მიმდინარე ოკუპაციას.

„ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ნატო-ს წევრობა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობა. ალიანსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საბოლოო ჯამშიც ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მკაფიო ხედვის შესამუშავებლად.

გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გაგვაჩნია და აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ მოკავშირეებთან, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება მომზადდეს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. გულდასმით ვშრომობთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების პრაქტიკულ რეალიზაციაზე“, - თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ნატო-სთან საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორობის ფარგლებში.

„ნატო-სთან ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორობის ფარგლებში. გამოაშკარავდა, რომ უსაფრთხო და სტაბილური შავი ზღვის რეგიონის გარეშე ევროატლანტიკური უსაფრთხოება ვერ შედგება. შავი ზღვის მდგრადი უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია ევროატლანტიკური უსაფრთხოების მდგრადი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა.

ჩვენ მივესალმებით ნატო-ს აქტიურობის ზრდას შავ ზღვაზე, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მხრივ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ოფიციალური თბილისი მიესალმება ნატო-ს გადაწყვეტილებას თავისი სტრატეგიული კონცეფციის განახლებასთან დაკავშრებით და იმედი გამოთქვა, რომ ღია კარის პოლიტიკა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის საკითხები სათანადოდ აისახება ამ დოკუმენტში.

„საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გვჯერა, რომ დადგა ჩვენი ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დრო. ეს იქნება მკაფიო გზავნილი ყველა ასპირანტი ქვეყნისთვის, რომ მიზანდასახულობას, ერთგულებას და დაუღალავ შრომას რეალური შედეგები მოაქვს. ეს იქნება ძლიერი გზავნილი, რომლის ექოც ფართოდ გადასწვდება მთელს რეგიონს და ყველა დარწმუნდება, რომ ნატო აქ არის და უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები